პრეზიდენტი: ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმა ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობად აღიქმება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია.

"დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე, როგორც მანამდე ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევები და მისი უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს დაფასებას და მადლიერებას იმსახურებს.

ცენტრის გამოცდილებამ, ამერიკელ პარტნიორებთან მისმა მრავალწლიანმა თანამშრომლობამ და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობამ განაპირობა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე.

სწორედ ამიტომ, ლაბორატორიაზე თავდასხმა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ლუგარის ლაბორატორიის, მისი ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების საქმიანობის მნიშვნელობასა და როლს კრიზისის მართვასა და დაძლევაში. მინდა, რომ ჩემი და საზოგადოების სახელით მათ მადლობა ვუთხრა", - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს ლუგარის ლაბორატორიის მიმართ კრიტიკულ და ცილისმწამებლურ განცხადებაში.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ 30 აპრილს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამერიკული ლაბორატორიების თაობაზე პეკინის შეშფოთება გაახმოვანა.

კერძოდ, ჩინეთი აცხადებს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მდებარე აშშ-ის ლაბორატორიებმა, შესაძლოა, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნან. ჩინეთის ამ განცხადებას ერთი დღით წინ უსწრებდა ანალოგიური ბრალდებები რუსეთის მხრიდან.

რუსეთის და ჩინეთის დეზინფორმაციის კამპანია მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ კითხვები დასვა. ისინი იკვლევენ, აქვს თუ არა ვირუსის წარმოშობას კავშირი ვუჰანის ლაბორატორიასთან.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

როგორ შეიქმნა ლუგარის ლაბორატორია და რა მისია აქვს მას და რატომ ებრძვის რუსეთი - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები