ტესტირება

ჭიაბერაშვილი: მნიშვნელოვანია, სამიზნე ჯგუფების ტესტირების სტატისტიკა ყოველდღე გამოქვეყნდეს

ზურაბ ჭიაბერაშვილი

"მთავრობა ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს", - ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ თუ საქართველო ტესტირების საერთო რაოდენობით ჩამორჩება რიგ ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფების ტესტირებით ბევრს უსწრებს.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში, პირველ რიგში, სწორედ სამიზნე ჯგუფებს ტესტავენ. .

"თუ ამ მაჩვენებლით წინ ვართ, მაშინ გაუგებარია, რატომ გვაქვს მნიშვნელოვანი ჩამორჩენა მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ყოველდღიურად გამოქვეყნდეს სამიზნე ჯგუფების ტესტირების სტატისტიკა. მაგალითად მედპერსონალის. თუ რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ყოველდღიურად ტესტირება. ეს გაფანტავდა იმ ეჭვს, რასაც მთავრობის ასეთი წინააღმდეგობრივი განცხადებები წარმოშობს", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში PCR ტესტი 11 504 ადამიანს ჩაუტარდა, რაც მილიონ მოსახლეზე - 2 884-ია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მაისში დღეში 1500-2000 ტესტი ჩატარდება.

საქართველოში კორონავირუსის 511 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 156 გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები