ერთი კოვზით ზიარება

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების კომისია საქართველოში ერთი კოვზით ზიარებას გამოეხმაურა

ამერიკის შეერთებული შტატების რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიაში (USCRIF) განაცხადეს, რომ კორონავირუსის ფონზე საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ზიარების საერთო კოვზის გამოყენება საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს აწუხებდათ.

USCRIF-მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღწერილია, თუ როგორია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ მთავრობების მიერ გადადგმული ნაბიჯების გავლენა რელიგიისა პრაქტიკასა და რელიგიურ თავისუფლებაზე.

ანგარიშში დასახელებულია რამდენიმე ქვეყანა, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობების მიერ მიღებული ზომები რელიგიის თავისუფლებაზე ახდენდა გავლენას და ეს საკითხი აქტუალური გახდა.

ირანთან, იტალიასთან, საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ტაჯიკეთთან ერთად საქართველოს საკითხიც არის განხილული.

"2020 წლის მარტში საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ურჩია, Covid-19-ის გავრცელების შეზღუდვის მიზნით პრევენციული ზომები გაეტარებინა. ეკლესიამ NCDC მიიწვია, რათა ეკლესიების დეზინფექცია ჩაეტარებინა, თუმცა ეკლესია განაგრძობს ზიარებისას საერთო კოვზის გამოყენებას, რაც საზოგადოებრივ ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს აწუხებთ," - ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 22 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობაში საკვირაო წირვა აღევლინა, მათ შორის სამების ტაძარში, რომლის შემდეგაც მორწმუნეებმა ერთი კოვზით ზიარება მიიღეს.

კომენტარები