კალიების შემოსევა

სურსათის ეროვნული სააგენტო: უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება

AFP

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, "უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება".

სააგენტოს განცხადებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ყოველწლიურად აქვეყნებს სხვადასხვა სახეობის, მათ შორის უდაბნოს კალიის მიგრაციის რუკას, რომელიც აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ერაყისა და ირანის სამხრეთ ნაწილშია გავრცელებული. 

"აღნიშნული მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა და ორგანიზაციის 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მისი შემოჭრა საფუძველს მოკლებულია,"- წერია განცხადებაში. 

გასულ კვირას ჩრდილო აღმოსავლეთი და ცენტრალური აფრიკის შემდეგ ასობით მილიარდი კალიისგან შემდგარი გუნდი არაბეთის ნახევარკუნძულზე და ახლო აღმოსავლეთში გადავიდა. 

ყველაზე მეტად დაზარალდა აღმოსავლეთ აფრიკა და იემენი. საფრთხის წინაშე დგანან სპარსეთის ყურის ქვეყნები, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, ირანი, პაკისტანი და ინდოეთი. კალიების გუნდმა შესაძლოა უფრო ჩრდილოეთით, თურქეთამდეც მიაღწიოს.

უდაბნოს კალია, Schistocerca gregaria, ყოველდღიურად საკუთარი წონის რაოდენობის საკვებს ჭამს და სწრაფად მრავლდება. მათ ამგვარ გამრავლებას ხელი ძლიერმა წვიმებმა შეუწყო. კალიები წვიმის დროს მრავლდებიან, რადგან კვერცხს სველ ნიადაგში დებენ.

კალიები პირველად 2020 წლის იანვრის დასაწყისში სომალიში და ეთიოპიაში გამოჩნდნენ და შემდეგ კენიაში, სუდანსა და უგანდაში გავრცელდნენ. ივნისამდე მათი რიცხვი შესაძლოა 400-ჯერ გაიზარდოს.

ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ ტაბულას სტატია აქ. 

კომენტარები