16 მარტს იტალიაში Covid-19-ის 3526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 345 ადამიანი

Forbes

მხოლოდ 16 მარტს, იტალიაში ახალი კორონავირუსის 3526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 345 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ჯამურ მონაცემებს, ამ დროისთვის იტალიაში ახალი კორონავირუსის 31,506 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 2,503 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 2,943-ს შეადგენს. 

ამგვარად, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით იტალია მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება, სადაც ინფიცირების 80 849 ფაქტი დადასტურდა. დაიღუპა - 3 199 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 66 931. თუმცა, ჩინეთში ინფექციის გავრცელება მკვეთრად იკლებს. 15 მარტს ჩინეთში ინფიცირების ახალი 25 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 10 ადამიანი.

ახალი კორონავირუსი COVID-19 ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. COVID-19 მსოფლიოს 149 ქვეყანაშია გავრცელებული.

WHO-მ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, "გავრცელებისა და სიმძიმის შემაშფოთებელი დონისა და შემაშფოთებელი უმოქმედობის" მიზეზებით.

COVID-19 ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა, ანუ სითხეებით, რომლებიც პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა. ვირუსის სიმპტომებია: სხეულის მომატებული ტემპერატურა; სუნთქვის გაძნელება; დაღლილობა; მშრალი ხველა; ცხვირის დაგუბება; სურდო; დიარეა.

ვირუსის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს რეკომენდაციებს: ხელები ხშირად დავიბანოთ, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში; ხელების დაბანამდე არ შევეხოთ სახეს, ცხვირს, ტუჩებს, თვალებს; დეზინფექციისთვის გამოვიყენოთ სამედიცინო სპირტი ან სხვა სითხეები, რომელთა შემცველობის 70% ან მეტი სპირტია. მოვერდოთ თავშეყრის ადგილებს, საჯარო სივრცეებში ყოფნას; იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტი გვქონდა ინფიცირებულთან ან სავარაუდო ინფიცირებულ ადამიანთან, 2 კვირის განმავლობაში დავრჩეთ თვითიზოლაციაში.

15 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. . NCDC-მ და საქართველოს მთავრობამ დააწესა 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში შემდეგი 8 ქვეყნიდან შემოვლენ: ჩინეთიდან; სამხრეთ კორეიდან; ირანიდან; იტალიიდან; საფრანგეთიდან; გერმანიიდან; ესპანეთიდან; ავსტრიიდან.

კომენტარები