აშშ

აშშ-მა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ევროპის 26 ქვეყანასთან მიმოსვლა 30 დღით შეაჩერა

დონალდ ტრამპი
Getty

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ევროპასთან მიმოსვლა შეზღუდა. სატელევიზიო მიმართვაში მან თქვა, რომ ევროპის 26 ქვეყანასთან მიმოსვლა 30 დღით შეიზღუდება.

"იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი შემთხვევები ჩვენს ნაპირებზე, ევროპასთან მიმოსვლას ვაჩერებთ. ახალი წესები ძალაში პარასკევს შუაღამიდან შევა." თქვა მან.

მგზავრობის აკრძალვა არ შეეხებათ ევროპის ქვეყნებიდან მომავალ ამერიკის მოქალაქეებს. მოგვიანებით გავრცელდა განმარტება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებიც აშშ-ში გამგზავრებამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში შენგენის ზონაში იმყოფებოდნენ. ამ განმარტების მიხედვით შეზღუდვა არ ვრცელდება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც შენგენის ზონაში არ შედიან.

ასევე შეზღუდვები არ შეეხება დიდ ბრიტანეთს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ვირუსის 460 შემთხვევა არის დადასტურებული.

აშშ-ში ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადების 1,135 შემთხვევა გამოვლინდა და 38 ადამიანი დაიღუპა.

ტრამპმა გამოსვლაში ასევე თქვა, რომ შეზღუდვები შეეხება დიდი ოდენობით საქონელსაც, თუმცა მოგვიანებით საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანამ და ბიზნესმა იცოდეს: ევროპასთან მიმოსვლაზე 30 დღიან შეზღუდვას გავლენა არ ექნება ვაჭრობაზე. შეზღუდვა აჩერებს ადამიანებს და არა საქონელს."

ტრამპმა ასევე გამოაცხადა, რომ მცირე ბიზნესების დასახმარებლად სესხის სახით მილიარდობით დოლარის გამოყოფის გეგმა არსებობს და კონგრესს მოუწოდა მხარი დაუჭიროს გადასახადების შემცირების კანონს, რათა ეკონომიკაზე კორონავირუსის ეფექტს ებრძოლონ.

კომენტარები