ჩინეთის ხუბეის პროვინციის 100 წლის მოქალაქე, რომელიც ახალი კორონავირუსით იყო დაავადებული, სრულად გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს. ინფორმაციას ადასტურებს China Daily.
წყაროს ინფორმაციით, უჰანის 100 წლის მოქალაქე საავადმყოფოდან 13-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ამგვარად, ის ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელიც ახალი კორონავირუსისგან სრულად განიკურნა.
პაციენტი Сovid-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში 24 თებერვალს მოათავსეს. ახალი ვირუსის გარდა, ის ალცჰაიმერის ავადმყოფობას ებრძვის, ამასთანავე, მას აქვს ჰიპერტონია და გულის უკმარისობა.
პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმები ხშირად მართავდნენ კონსულტაციებს, რის შედეგადაც გადაწყდა ანტივირუსული პრეპარატებით და ჩინური ტრადიციული მედიცინით მკურნალობა. 100 წლის მამაკაცს რამდენჯერმე გადაუსხეს პლაზმაც.
ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემია სწორედ ჩინეთის ქალაქ უჰანიდან გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ამ დრომდე კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 3 ათასს აღემატება.
დაავადების 15 შემთხვევა დადასტურდა საქართველოში.





