გიგი უგულავას წერილი

კილაძე უგულავას წერილზე: ოპოზიციისთვის რაღაცნაირად სახის შენარჩუნებას ემსახურება

ტაბულა

"ეს განცხადება ემსახურება ამათთვის რაღაცნაირად სახის შენარჩუნებას", - ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი, სოფიო კილაძე, გიგი უგულავას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს

"იმიტომ, რომ თითქოს გიგი უგულავამ თვითონ თქვა ახლა უარი საკუთარ პოლიტპატიმრობაზე, ეს არის მათ შორის შეთანხმებული მოქმედება", - თქვა კილაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

სოფიო კილაძის თქმით, ოპოზიციას კონსესუსი არ სურს, რადგან "ზუსტად იციან, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ". მისივე თქმით, ოპოზიციამ დაინახა, რომ პროცესში მარტო დარჩნენ და "არც საზოგადოება დგას მათ გვერდით, არც დილპომატიური კორსპუსი, ხელისუფლებაზე ხომ არაფერს ვსაუბრობ." 

"პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ფონზე უპასუხისმგებლო ოპოზიციას ვხედავთ. ყველა ნაბიჯზე, რაც გადადგა ხელისუფლებამ, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით, ყველა ნაბიჯზე ჰქონდათ რაღაც მიზეზი", - თქვა კილაძემ.

უგულავამ საპატიმროდან წერილი დღეს, 5 მარტს გაავრცელა. 

უგულავა წერს, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი "გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება". 

ხელისუფლების ბოლო ინიციატივის თანახმად, მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათივე განმარტებით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ამაზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ქართულ ოცნებაში ასევე ამბობენ, რომ მაჟორიტარული ოლქების მინიმალური რაოდენობა, რომელზეც შესაძლოა, დათანხმდნენ, 40 მაჟორიტარია. 

იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, ქართული ოცნების ეს მოდელი მიუღებელია, რადგან მათ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა სურთ. 

ოპოზიციური პარტიები 40%-იან პრინციპზე საუბრობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

კომენტარები