ნიკოლ პაშინიანი

პაშინიანი: საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ საქართველოს მოქალაქეობით

reginfo.ge

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ პაშინიანი 3 მარტს თბილისში სომხურ დიასპორას შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე პაშინიანმა თქვა, რომ საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან. 

შეხვედრაზე, მაგისტრატურის სტუდენტმა ერიკ კარაპეტიანმა პაშინიანს ჰკითხა, აქვს თუ არა სომხეთს რაიმე სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ეთნიკურად სომხები სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. რაზეც პრემიერმინისტრმა უპასუხა, რომ თბილისში მცხოვრები სომხები, ისედაც სამშობლოში ცხოვრობენ. 

კითხვა-პასუხის თარგმანს რადიო-თავისუფლება აქვეყნებს.

"როდესაც მე ვხვდები ხოლმე, მაგალითად, გერმანიაში მცხოვრებ სომხებს და როცა მეკითხებიან სომხეთში დაბრუნებაზე, ეს ჩემთვის გასაგები თემაა… მაგრამ თბილისში, საქართველოში მცხოვრები სომხების მხრიდან მსგავსი შეკითხვა რაღაც კითხვებს მიჩენს. რადგან მე ვთვლი, რომ თბილისში მცხოვრები სომხები სამშობლოში ცხოვრობენ.


და ამით მე მინდა ვთქვა, რომ, დიახ, თბილისში მცხოვრებმა სომხებმა და მთლიანად საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ჩვენ სომხებმა, როგორც ხალხმა, მიზანმიმართულად უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, განვითარებული, სტაბილური და ძლევამოსილი. და საქართველომაც მიზანმიმართულად უნდა იმოქმედოს, რომ სომხეთი იყოს ძლიერი, განვითარებული და სტაბილური სახელმწიფო." - თქვა ნიკოლ პაშინიანმა. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ პაშიანიანი თბილისს 3 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. 

კომენტარები