2008 წლის კრიზისის შემდეგ, პირველად FED-მა საგანგებო სხდომაზე საბაზისო განაკვეთი შეამცირა

ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელიც აშშ-ში ცენტრალური ბანკის ფუნქციებს ასრულებს, პირველად 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საგანგებო სხდომაზე შეამცირა. 

ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ბოლოს ასეთი მკვეთრი შემცირების გადაწყვეტილება სარეზერვო სისტემამ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს მიიღო. ამ დროისთვის საბაზისო განაკვეთი 1-1,25%-ს შეადგენს. 

ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული საბჭოს სხდომა 17-18 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა, საბოლოოდ, ცვლილება რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. მონეტარული პოლიტიკის ცვლილების გადაწყვეტილება ორგანიზაციაში კორონავირუსის გავრცელებიდან მომდინარე ეკონომიკური საფრთხეებით ახსნეს. 

როგორც FED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი კორონავირუსის გავრცელება დამატებით საფრთხეებს უქმნის ეკონომიკურ აქტივობას. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ცნობილი იყო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და სხვა ჩინოვნიკების პოზიცია, რომლებიც ფედერალურ სარეზერვო სისტემას განაკვეთის შემცირებისკენ მოუწოდებდნენ. 

პირველი მინიშნება შესაძლო ცვლილებაზე ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 28 თებერვალს გააკეთა. "ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს და ვიმოქმედებთ ეკონომიკის მხარდაჭერის ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში.

ერთბაშად 0,5 პროცენტული პუნქტით საბაზისო განაკვეთი ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 2008 წელს შეამცირა. ამ დროიდან მოყოლებული 2019 წლამდე ფედერალური სარეზერვო სისტემა ან ზრდიდა, ან ინარჩუნებდა განაკვეთს. გეგმური და ფრთხილი შემცირების რაუნდი FED-მა 2019 წელს დაიწყო, წინა წელს საბაზისო განაკვეთი, როგორც წესი, 0,25 პროცენტული პუნქტით მცირდებოდა. 

ცვლილება პოზიტიურად აღიქვეს ინვესტორებმა და ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე უმსხვილესი საფონდო ბირჟების ინდექსმა ზრდა აჩვენა. 2,5%-ით გაიზარდა S&P 500-ის ინდექსი, 2,3%-იანი ზრდა აჩვენა Dow Jones-მა, ხოლო NASDAQ-ის მაჩვენებელი 2,4%-ით გაიზარდა. თუმცა, დღის ბოლოს ინდექსების კვლავ შემცირდა და თავდაპირველ პოზიციებს დაუბრდუნდა. 

"ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მიღებული ზომები, სავარაუდოდ, ვერ გაზრდის ჯამურ მოთხოვნას, თუმცა გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეამციროს წნეხი ფინანსურ სისტემაზე და გააუმჯობესოს ინვესტორების მოლოდინები", — ნათქვამია ბანკ ING-ის წამყვანი ეკონომიკური მიმომხილველის, ჯეიმს ნაიტლის მიმოხილვაში. 

რამდენიმე თვით ადრე, წამყვანი საინვესტიციო ბანკი Goldman&Sach ვარაუდობდა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა 2020 წელს საბაზისო განაკვეთს 1 პროცენტული პუნქტით შეამცირებდა.

როდის ამცირებდა ფედერალური სარეზერვო სისტემა საგანგებოდ განაკვეთს:

  • 2008 წლის ოქტომბერი - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკის Lehman Brother-ის კრახის შემდეგ;
  • 2008 წლის იანვარი — საფონდო ბირჟების დაცემისა და რეცესიის სიგნალის შემდეგ;
  • 2007 წლის აგვისტო — სუბსტანდარტული იპოთეკის ბაზარზე კრიზისის დაწყების შემდეგ;
  • 2001 წლის სექტემბერი — ალ-ქაიდას მიერ განხორციელებული ტერაქტების შემდეგ;
  • 2001 წლის აპრილი — ეკონომიკური რეცესიის მომატებული რისკის ფონზე;
  • 2001 წლის იანვარი — ე.წ. Dot-Com-ების ბაზრის კრახის შემდეგ;
  • 1998 წლის ოქტომბერი — რუსეთის ფინანსური კრიზისისა და ჰეჩ ფონდ Long Term Capital Management-ის კრახის შემდეგ, რომელიც რუსეთის სახელმწიფო მოკლევადიან ობლიგაციებზე ჩავარდა.

ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ იგივე ნაბიჯებს მიიღებენ მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებშიც, თუმცა ევროპასა და იაპონიაში ცენტრალურ ბანკებს მკვეთრი შემცირების რესურსი ნაკლებად აქვთ, რადგან ბევრ ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთი ისედაც მცირეა. 

კომენტარები