იდლიბის პროვინცია

რუსეთმა თურქეთი სირიის იდლიბის პროვინციაში დრონების არალეგალურად გაგზავნაში დაადანაშაულა

ფოტოზე აღნიშნული დრონი 25 თებერვალს ჩამოგდებული დრონი არ არის.
ahval

27 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თურქეთი სირიის იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების მხარდასაჭერად და საარტილერიო დახმარების უზრუნველსაყოფად თავდასხმითი დრონების არალეგალურად გაგზავნაში დაადანაშაულა

სამინისტრომ ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც თურქეთის ძალების მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა ამბოხებულებმა იდლიბის პროვინციაში მდებარე ქალაქი სარაკიბი დაიბრუნეს. ქალაქზე გადის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც დედაქალაქ დამასკოს ალეპოსთან აკავშირებს. ნაირაბის შემდეგ სარაკიბი მეორე ქალაქია, რომლის დაბრუნებაც მათ შეძლეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 25 თებერვალს თურქეთის დრონები არალეგალურად შეიჭრა სირიის საჰაერო სივრცეში. სირიის მთავრობის საჰაერო ძალებმა დრონი მაშინ გაანადგურეს, როდესაც ის სამთავრობო ჯარებზე თავდასხმას აპირებდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ თურქეთი სირიის შესახებ რუსეთთან შეთანხმებას არღვევდა.

რუსულ სამთავრობო მედიაში განაცხადეს, რომ იდლიბში თურქეთის სამხედროები მხრის რაკეტებს იყენებდნენ, რათა რუსული და სირიული სამხედრო თვითმფრინავები ჩამოეგდოთ.

20 თებერვალს დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ იდლიბში თურქეთის სამხედრო ოპერაცია ყველაზე ცუდი სცენარი იქნება.

მანამდე კი ერდოღანმა თქვა, რომ სირიის იდლიბის პროვინციის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა თურქეთის მოლოდინებს და მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა და იქ სამხედრო ოპერაციის დაწყება მხოლოდ დროის საკითხი იყო.

მმართველი პარტიის კანონმდებლებთან საუბრისას მან თქვა, რომ თურქეთი აპირებს ნებისმიერ ფასად აქციოს იდლიბი უსაფრთხო ზონად. 

ერდოღანმა 5 თებერვალს ასადის ძალებს მოუწოდა თურქეთის სადამკვირვებლო პოსტების უკან დაეხიათ და ამისათვის ვადა თებერვლის ბოლომდე მისცა. თურქეთს იდლიბის გარშემო დეესკალაციის ზონაში 12 სადამკვირვებლო პოსტი აქვს, რომლებიც რუსეთთან და ირანთან შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.

რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის თავდასხმა იდლიბის პროვინციაზე, რომელიც სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ტერიტორიაა, კვლავ გრძელდება.

იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ერდოღანსა და პუტინს შორის 2018 წლის შემოდგომაზე სოჭში და ასტანაში გამართული შეხვედრების შემდეგ შედგა. შეთანხმების მიხედვით, სირიის მთავრობის კონტროლს მიღმა მყოფ ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა უნდა შექმნილიყო, სადაც ცეცხლის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ აიღო. ამის მიუხედავად, იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებები არ შეწყვეტილა.

კომენტარები