ჭიაბერაშვილი კორონავირუსზე: მთავრობას სჭირდება კრიზისის მართვის გეგმა

ზურაბ ჭიაბერაშვილი

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენას აფასებს და ამბობს, რომ ყველაზე მთავარია, მშვიდად და რაციონალურად მოქცევა. 

ჭიაბერაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ აყვებიან პანიკას. 

"არ უნდა აგვიტანოს პანიკამ, ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. აუცილებელია, ყურადღებით მოუსმინონ ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. იმის გამო, რომ მე თვალს ვადევნებდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წამყვანი ეპიდომოლოგების მოსაზრებებს, საკმაოდ მაღალი იყო ალბათობა, რომ უახლოეს დღეებში ეს საქართველოშიც დაფიქსირდებოდა," - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილმა მთავრობის როლზეც ისაუბრა პრევენციის კუთხით და თქვა, რომ ხელისუფლებამ რეგულარულად უნდა აწარმოოს საინფორმაციო კამპანია. 

"ძალიან დაბალი არის მთავრობის მიმართ სანდოობა, რადგან ეს მთავრობა არაეფექტურობას აჩვენებს ბევრ რამეში და ადამიანებში შიშს იწვევს, არამხოლოდ ეს ვირუსი, არამედ ისიც, თუ როგორ გაართმევს მთავრობა ამას თავს, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პანიკით მთავრობასაც დავაპანიკებთ და დავაბნევთ. მთავრობას უნდა მიეცეს საშუალება, მართოს ეს კრიზისი.

როდესაც ბრიფინგი რამდენჯერმე დაინიშნა, გადაიდო, ესეთი რამ საზოგადოებაში შფოთვას იწვევს. საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს რეგულარული და გამჭირვალე, რადგან საზოგადოებას არ შეექმნას წარმოდგენა, რომ ხელისუფლება რამეს უმალავს. მთავრობას სჭირდება კრიზისის მართვის გეგმა,"- თქვა ჭიაბერაშვილმა. 

ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს და საზოგადოებას მოუწოდა, არ უწოდონ კორონავირუსს მკვლელი ვირუსი და არ დააშინონ საზოგადოება, რადგან მისი შეფასებით, კორონავირუსს ღორის გრიპზე გაცილებით ნაკლები ფატალობა აქვს სიკვდილიანობით.

ჭიაბერაშვილმა სასწავლო დაწესებულებებსაც მოუწოდა, არ შეწყვიტონ სასწავლო პროცესი, რადგან ეს საფრთხეს არ წარმოადგენს. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა, გუშინ 26 თებერვალს გამოვლინდა, 

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია. 

ამ დროითვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 33 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა.

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან - წაიკითხეთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევები.

 

 

კომენტარები