გამყრელიძე: ჩინეთიდან დაბრუნებულებს სიმპტომები არ აქვთ, თუმცა 2-კვირიან კარანტინში იქნებიან

news.ge

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს 34 მოქალაქეს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი 2-კვირიან კარანტინს მაინც გაივლიან.

მისი თქმით, შემოსვლისას თითოეულ მათგანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ასევე იქ იყვნენ კლინიცისტი ექიმები. როგორც გამყრელიძე ამბობს, თითოეულმა მათგანმა თვითმფრინავში ყოფნისას გარკვეული კითხვარი შეავსო, თუ სად იყვნენ ბოლო დღეების, ბოლო კვირების განმავლობაში, რომელ პროვინციებში იყვნენ, იყვნენ თუ არა შეხებაში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან - "განსაკუთრებით, ორ კვირაზეა [საუბარი], ინკუბაციის პერიოდი ორი კვირაა, შეხება თუ ჰქონდათ ამ ადამიანებთან".

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანენ, სადაც შესაბამისი ფართი გამოიყო. მისი თქმით, ორკვირიანი კარანტინის დროს ჩინეთიდან ჩამოსულებს შესაბამისი დაკვირვებები ჩაუტარდებათ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ ამ ორი კვირის განმავლობაში, რომელიმე მათგანს დაეწყება სიმპტომები, მათ ინფექციური საავადმყოფოს შესაბამის ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ - "ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები, რენდგენოლოგიური კვლევები და დაეწყებათ მკურნალობა, თუ ამის საჭიროება იქნება".

"ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ან მგზავრობის პერიოდში ან მათი ადგილზე ყოფნის პერიოდში, ამიტომ აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება," - აღნიშნა მან.

ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მოქალქეებმა საქართველოს საელჩოს მიმართეს, რის შემდეგაც სპეციალური თვითმფრინავით ჩამოიყვანეს - "თუ იქნება შემდგომში კიდევ ასეთი სურვილი, რა თქმა უნდა, ეს საკითხი განიხილება".

ამას გარდა, გამყრელიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ირანიდან ჩამოსული ირანის სამი მოქალაქე, დედა და შვილები, გადაიყვანეს, რადგან ერთერთ მათგანს შემოსვლისას ტემპერატურა და შესაბამისი სიმპტომები ჰქონდა - "ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ტარდება შესაბამისი კვლევები, დილას კორონავირუსულ ინფექციაზე ასევე იქნება აღებული ნაცხი და ლუგარში ჩაუტარდებათ გამოკვლევა, ამის შემდეგ გადაწყდება თუ რა შემდგომი ტაქტიკა იქნება მათი მართვის".

მან ასე თქვა, რომ გარკვეულწილად, ირანში ამ მხრივ სიტუაცია უარესდება, რადგან ბოლო დღეების მანძილზე კორონავირული ინფექციით ოფიციალური ინფორმაციით 2 და არაოფიციალური ინფორმაციით 5 პირი გარდაიცვალა.

დღევანდელი ინფორმაციით ახალი კორონავირუსით დაავადების 77 662 შემთხვევა არის გამოვლენილი, აქედან 76 291 კონტინენტურ ჩინეთში. ვირუსს 2 360 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 11 ჩინეთის საზღვრებს გარეთ. 

ჩინეთის საზღვრებს გარეთ 26 ქვეყანაში დადასტურდა ვირუსით დაავადება. 

ახალი კორონავირუსით დაავადებულთაგან 21 0 29 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

20 იანვარს ჩინეთში განაცხადეს, რომ ახალი ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

26 იანვარს ჩინეთის ეროვნული კომისიის მინისტრმა მა სიაოვეიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ინკუბაციის პერიოდშიც შესაძლებელია, რომელიც 1-დან 14 დღემდე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულ ადამიანს შესაძლოა სიმპტომები არ აღენიშნებოდეს, თუმცა ვირუსის გადამდები იყოს.

ახალი კორონავირუსისთვის თავდაცვითი ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს და მისი მართვა სიმპტომურია.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. ასევე ქვეყებმა ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავიანთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინეს.

კომენტარები