ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთიდან ტვირთს არ ატარებენ, არის საკვების და წამლების დეფიციტი

TASS

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის საზღვრიდან ტვირთებს არ ატარებენ. თითქმის 20 დღეა, მეწარმეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკვები პროდუქტების შეტანა არ შეუძლიათ. მიზეზად ის სახელდება, რომ ტვირთი საბაჟო წესებით გაფორმებული არ არის, თუმცა, მეწარმეების თქმით, წარმოდგენილი მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია.

ეს ცხინვალის რეგიონში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტს და ჰუმანიტარულ კრიზისს ქმნის.

თუმცა, ოკუპირებული რეჟიმი ირწმუნება, რომ საკვების პრობლემა რეგიონში ჯერჯერობით არ არსებობს. ე.წ განათლების მინისტრის, ნინა ჯიოევას თქმით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში 10 დღის საკვების მარაგი არსებობს, მათ შორის, მარაგშია კვერცხი და არაჟანი.

ასევე, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დეფიციტი არც საავადმყოფოებში იგრძნობა.

პარალელურად, ჩაკეტილია ახალგორიც, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას უზღუდავს. შექმნილია ჰუმანიტარული კრიზისი - არის საკვების და მედიკამენტების დეფიციტი.

კრიზისს ისიც ამწვავებს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა შეზღუდა იმ მედიკამენტების გაყიდვა, რომელსაც ქართული წარწერები აქვს.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი შექმნილ ვითარებას შემაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ ეს კრიზისი ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტის გახსნის საფუძველი უნდა გახდეს.

"ჩემთვის ძალიან რთულია შექმნილი ვითარება სათანადოდ შევაფასო და ვისაუბრო იქ არსებულ მდგომარეობაზე. ამ პრობლემაზე აქამდეც არაერთხელ გამომითქვამს შეშფოთება. მათ შორის, გამშვები პუნქტების დახურვაზე. ჰუმანიტარული მდგომარეობა ის საკითხია, რომელიც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ. შექმნილი ვითარება უნდა გახდეს მიზეზი იმისთვის, რომ გამშვები პუნქტები გაიხსნას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანები ნაკლებად იტანჯებიან და პრობლემებიც ნაკლებია", - თქვა ჰარცელმა.

საქართველოს გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, ლუიზა ვინტონიც შექმნილ ვითარებას ასევე შემაშფოთებელს უწოდებს.

"ძალიან შემაშფოთებელი სიტუაციაა. ამ საკითხების განხილვა საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში უნდა მოხდეს. ჩვენ ვხედავთ პრობლემებს ჯანდაცვის მიმართულებით. ხალხს უნდა ჰქონდეს წვდომა ხარისხიან ჯანდაცვაზე. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ეს ბარიერები აღარ იარსებებს. ჩვენი ფუნდამენტური პოზიციაა, რომ მოსახლეობამ უნდა მიიღოს ექიმების ადეკვატური და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და მედიკამენტები. ახლა ოკუპირებულ ზონაში ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია, მაგრამ მათთვის ეს მომსახურებები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს," - განაცხადა ლუიზა ვინტონიმ.

ჰუმანიტარული კრიზისის გამო ახალგორის გახსნისკენ საოკუპაციო რეჟიმს ქეთევან ციხელაშვილმაც მოუწოდა.

კომენტარები