აჭარის ტელევიზია

ჟურნალისტებმა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს მხარდაჭერა აქციით გამოუცხადეს

"სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია", "სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს", "ვერ გაგვაჩერებთ", - ჟურნალისტებმა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს მხარდაჭერა აქციით გამოუცხადეს.

ტელევიზიის თანამშრომლები რამდენიმე თვეა, ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ. მმართველ გუნდს და მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს საშტატო განრიგის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სურს, რის გამოც არხის თანამშრომლებს ტელევიზიის დატოვება უწევთ.

"პირველ რიგში, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსი და იდეა დგება საფრთხის ქვეშ. საზოგადოებრივ მაუწყებელში არხის ხელმძღვანელის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა საფრთხეს უქმნის არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის თვალსაზრისით არხზე ვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იყო გაუმჯობესებული. სამწუხაროდ, ამ საარჩევნო წელს ძალიან საგანგაშო სიგნალია, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ გავლენა მოახდინოს სარედაქციო პოლიტიკაზე. ამდენად, დღევანდელი აქცია არ არის მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული არხის მიმართ ჩვენი სოლიდარობა, ეს არის პრევენციული ხასიათის, გამაფრთხილებელი აქცია, რომ ჟურნალისტებს კიდევ და კიდევ არ შეგვექმნას მეტი პრობლემა ამ ქვეყანაში და მედიებს სარედაქციო პოლიტიკის წარმოება თავისუფლად შეეძლოთ", - ამბობს ტაბულასთან სტუდია მონიტორის ჟურნალისტი, ნეტგაზეთის ყოფილი რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მედიის მიმართულების ხელმძღვანელი, მამუკა ანდღულაძე ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით 2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე გაუარესებულ მედია გარემოზე საუბრობს.

"ბოლო წლებში მედია-გარემო საგრძნობლად არის გაუარესებული, დაწყებული გავრილოვის ღამიდან, დაზარალებული ჟურნალისტები, გადაცემების დახურვა, მედიაზე ზეწოლა და ა.შ. ამის მორიგი მაგალითი არის ის, რაც დღეს აჭარის ტელევიზიაში ხდება. ჟურნალისტები ცდილობენ, თავიანთი მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულონ, მაგრამ ხელმძღვანელობა მათ უქმნის ყველანაირ ბარიერს, ავიწროებს და დევნის. ამისი მიზანი არის ერთადერთი, როგორც აჭარაში, ისე სხვაგან, ხელისუფლებამ მოახდინოს ზეგავლენა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას".

აჭარის ტელევიზიის სოლიდარობის აქცია დღეს თბილისის პარალელურად ოზურგეთშიც გაიმართა. გუშინ, 16 თებერვალს ჟურნალისტებმა მიმდინარე მოვლენები ბათუმსა და ქუთაისშიც გააპროტესტეს.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები რამდენიმე თვეა, ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს და მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მათი სარედაქციო პოლიტიკისა და დამოუკიდებლობის შეცვლა სურს.

კოხრეიძე, რომელიც აჭარის ტელევიზიის ეთერშივე ეკამათა გადაცემის წამყვანს, თეონა ბაკურიძეს და მის მიმართ ხმასაც აუწია, ტელევიზიაში საშტატო განრიგის შეცვლას გეგმავს.

უქმდება დირექტორის მოადგილის შტატი.

მანამდე კი მაუწყებლის დირექტორმა მისი პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა.

ასევე, ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი. ამ პოსტს ტელევიზიაში მაია მერკვილაძე იკავებს და რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა.

ასევე, მაუწყებლის ჟურნალისტის, თეონა ბაკურიძის ინფორმაციით, დაწყებულია დისციპლინური წარმოება საინფორმაციოს უფროსზე შორენა ღლონტის მიმართ. საქმე 1 წლის წინანდელ გადაცემას ეხება, რომელიც NDI-სთან ერთად გაკეთდა. ამის თაობაზე დირექტორს მრჩეველმა, თამილა დოლიძემ მიმართა.

შიდა მონიტორინგის საფუძველზე იკვლევენ 26 დეკემბრის გადაცემაში გია ქარცივაძის სტუმრობის ამბავს და გადაცემის შინაარსს.

ასევე, ცდილობენ, მალხაზ რეხვიაშვილი ჩამოაშორონ გადაცემა #ჰეშთეგის წამყვანობას, რადგან ის ალტერნატიული პროფკავშირის უფროსიც არის.

აჭარის ტელევიზიის ბორდი გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს.

ბაკურიძის შეფასებით, არხის ხელმზღვანელობა დევნის ადამიანებს და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

"დასკვნები თქვენთვის მომინდია, მაგრამ აბა ვინმე შემომედავოს, რომ ეს არაა დევნა, ცენზურა ან რედაქციაში უხეში ჩარევა. პასუხისმგებლობა ეკისრება უმაღლეს საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს და მთელ მმართველ გუნდს", - დაწერა ბაკურიძემ ფეისბუქზე.

კომენტარები