ფაქტების დამდგენი მისია

ვოლსკი: მისიის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან უგულავას საქმეს უამრავი სპეკულაცია მოჰყვა

ტაბულა

ქართული ოცნების ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, დადგენილებამ, რომელსაც გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, ფაქტების დამდგენი მისია გამოიტანს, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ვოლსკის თქმით, მისიის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უამრავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა და შეუთანხმებელი პოზიციების გაჟღერება მოჰყვა.

"მისია ამ საკითხებს სამართლებრივ პოლიტიკური ასპექტით განიხილავს ჩვენთან ერთად და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა. ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას, ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას," - ამბობს ვოლსკი. 

ქართული ოცნების ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან ამ მისიის სკეპტიკურად შეფასება კითხვებს აჩენს, თუმცა მოულოდნელი არ არის. 

"ჩვენი ძალა და ქვეყნნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სიმართლეს. ამ პროცესში ხელის შეშლა და უარყოფითი განცხადებების გაკეთება გახდა დილიდან ოპონენტების პოზიციის მთავარი გამოხატულება და ეს საკმაოდ მნიშვნელოვან შეკითხვებს უნდა ბადებდეს როგორც მედიაში ასევე საზოგადოებაში," - ამბობს ვოლსკი.  

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ქართული ოცნების მორიგი ტრიუკია, რომლითაც ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენების მოტყუებას ცდილობენ. ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, "ასეთი კომისია და მისია უნდა ჩამოვიდეს მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და არა მაშინ, როდესაც თადუმაძის ხელმოწერით ადამიანი უკვე დაპატიმრებულია."

ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა ქართულმა ოცნებამ შესთავაზა, რის შესახებაც ინფორმაცია 12 თებერვალს, პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ გაავრცელა

"იმისთვის, რომ ევროპარლამენტარებს ძირითდი პოლიტიკური პარტიებიდან გიგი უგულავას საქმეზე დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ, ჩვენ მათ შევთავაზეთ საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შევთავაზეთ, რათა მათ დეტალურად შეისწავლონ საქმის არსებითი და პროცესუალური მხარე, სრული სიცხადის უზრუნველსაყოფად", - წერდა კალაძე.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა 10 თებერვალს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც უგულავას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. სწორედ ამის გამო თქვა ოპოზიციამ უარი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის გაგრძელებაზე - მისმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ დიალოგის რესურსი ამოწურა.

უგულავას დაკავებას ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის საელჩოები გამოეხმაურნენ და მიუთითეს, რომ ეს ხელისუფლების და ოპოზიციის დიალოგს საფრთხეს უქმნის.

კომენტარები