გიგი უგულავას დაკავება

ბოკერია: ყველა სცენარისთვის ვართ მზად, იქნება საპროტესტო აქციები, მაჟორიტარების კოორდინაცია

გიგა ბოკერია
ტაბულა

პარტია ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია მთავარის ეთერში გიგი უგულავას დაკავებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველა სცენარისთვის მზად არიან

"არც ერთ მომენტში არ არსებობს რაიმე გონივრული პროგნოზი როდესაც აგონიაში მყოფ რეჟიმთან და ამ ტიპის ოლიგარქთან გვაქვს საქმე, როგორიც ივანიშვილია. ჩვენ არ ვიცით, უბრალოდ ყველა სცენარისთვის ვართ მზად. ვიცით რა არის კარგი სცენარი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ გიგისთვის და ხვალ ვისაც დაიჭერს, ეს ისედაც ნათელია, არავის ყალბი ჰეროიზმი არ აქვს და ყველამ ნახეთ გიგის განცხადებები აქამდეც და დღესაც. მზად იყო მორალურად და პრაქტიკულადაც რომ ეს მომხდარიყო და ახლაც მაგ რეჟიმში ვართ, ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მოხდება და უნდა ვიყოთ მზად ყველა სცენარისთვის."

მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ასლან აბაშიძის გზაზე დგას და ამაზე ოპოზიციის პასუხი იქნება მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე საპროტესტო აქციები:

"ჯერ-ჯერობით ეს არის ქვეყნისთვის ძალიან საზიანო სცენარი, ოღონდ, ივანიშვილისთვის პერსონალურად - ტრაგიკული. ეს არის ასლან აბაშიძის გზა...როცა ასლან აბაშიძის გზაზე დგახარ ფინალიც არის ასლან აბაშიძის, რაც არ იყო სასურველი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს აღარ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მან აირჩია ეს გზა აგონიაში ძალაუფლების შენარჩუნების ილუზიით. ახლა მივდივართ ამ გზისკენ. პასუხი იქნება საპროტესტო აქციები, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მწვავე, სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის. ამ მორყეული რეჟიმის ეს ლეგიტიმური ნჯღრევა გაგრძელდება. ბუნებრივია გარედანაც, თავისუფალი სამყაროდან იქნება წნეხი."

ბოკერიამ ასევე ისაუბრა ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ:

"არანორმალური ვითარება გვაქვს და ამ არანორმალურ ვითარებაში უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ ამისთვის ვართ მზად. იმ სცენარისთვისაც, თუ ამ რეპრესიულ ნაბიჯებს მოაყოლებს არჩევნებს, ამ სისტემით, რაც აქვს შექმნილი და რაზეც აქვს ილუზია, ამისთვისაც ვემზადებით და დღეს უკვე გადავედით აქტიურ ფაზაზე - თბილისში მაჟორიტარების კოორდინაციის."

ოპოზიციამ მთავრობასთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილება დღეს მას შემდეგ მიიღო, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა. ოპოზიციის ლიდერები საუბრობენ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაზე და ასევე შეთანხმებაზე, რომ 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებზე იყვნენ მოკავშირეები და არა კონკურენტები და ყველა ოლქში თითო კანდიდატი წარმოადგინონ.

დღეს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გამო, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.

პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს დაუსწრებლად გამოიტანა. გიგი უგულავა ორთაჭალის პოლიციის გამყოფილებაში თავად მივიდა.

კომენტარები