გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი კვლავ დაბალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი კვლავ დაბალია. მისივე თქმით, ქვეყანაში ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისიც თქვა, რომ ორშაბათიდან საქართველოში იქნება შესაძლებლობა, დიაგნოზი ადგილზე დაისვას და ამისთვის ანალიზების საზღვარგარეთ გაგზავნა არ იქნება საჭირო.

"ორშაბათიდან უკვე გვაქვს საშუალება, რომ ადგილზე დავსვათ სრულად დიაგნოზი, დავადასტუროთ შემთხვევა და დადასტურებულ განსაზღვრებად ითვლება ის შემთხვევა, რომელიც ლაბორატორიული ანალიზით დასტურდება და ამის საშუალება არის. დღემდე ქვეყანაში უკვე ჩატარებულია დაახლოებით 12-მდე ლაბორატორიული სხვადასხვა ანალიზი, ასევე ჩვენ გამოვცადეთ ტესტები და ისინი ძალიან კარგად მუშაობენ.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში მარაგი საკმაოდ არის შექმნილი. იცით, რომ ჩვენი პარტნიორი გერმანია დაგვეხმარა, ახლა არის საშუალება, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მივიღოთ, ასევე ინგლისიდან შევიძინეთ შესაბამისი ნაკრებები. ასე რომ, სრული მზადყოფნაა ლაბორატორიული თვალსაზრისით", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

3 თებერვლის დილის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 17 205 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია 361 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებული უფრო მეტი - 475.

გარდა ამისა, არის შესაძლო 5000 შემთხვევაა დაფიქსირებული და დაკვირვების ქვეშ იმყოფება კონტაქტში მყოფი 21 500 ადამიანი.

ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავიანთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინა.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები