ჩინეთში 1000 ადგილიანი საავადმყოფოს მშენებლობა 10 დღეში დასრულდა

ჩინეთში, ქალაქ უხანში კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის ახალი 1000 ადგილიანი საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური მედია საშუალებები ავრცელებენ. მშენებლობა 10 დღის წინ, 23 იანვარს დაიწყო. 

ჩინეთის მთავრობა კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ქალაქში ორი ახალი საავადმყოფოს აშენებას გეგმავდა. 1000 ადგილიანი საავადმყოფოს მშენებლობა უკვე დასრულებულია და დაწესებულება პაციენტების მიღებას 3 თებერვლიდან დაიწყებს. რაც შეეხება მეორე, უფრო დიდ ჰოსპიტალს მოსალოდნელია, რომ მშენებლობის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.

ჩინეთში ახალი კორონავირუსის ეპიდემია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. წინა კვირაში ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ ვირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისთვის დაავადებულია 11,953 ადამიანი. 

შემთხვევების აბსოლიტური უმრავლესობა ჩინეთშია. ვირუსის შემთხვევები 22 ქვეყანაში შეინიშნება. გარდაცვლილია 305 ადამიანი, აქედან 304 ჩინეთში, ხოლო 1 ფილიპენებში.

კომენტარები