დღეს, 31 იანვარს რუსეთში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
ორივე შემთხვევა ციმბირში დაფიქსირდა - ერთი იმიერბაიკალეთის მხარეში, ხოლო მეორე ტიუმენში.
დაავადებულები ჩინეთის მოქალაქეები არიან. რუსეთის ვიცე პრემიერმინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ თქვა, რომ ისინი უკვე იზოლირებულები არიან.
მისივე განცხადებით, დღეს სარამოს 21:00 საათიდან სახელმწიფო ავიახაზების აეროფლოტის რეისების გარდა, რუსეთიდან ჩინეთში ყველა პირდაპირი რეისი გაუქმდება.
ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევების დაფიქსირებამდე დღეს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში როსპოტრებნადზორში მოსახლეობას მოუწოდეს, რომ ერთმანეთის ხელის ჩამორთმევისგან, გადაკოცნისგან, ჩახუტებისგან თავი შეეკავათ და სამედიცინო პირბადეები ეტარებინათ.
რუსეთში ასევე ჰიგიენის ახალი წესები გამოსცეს, რაც მოიცავს გრძელი თმის შეკვრას, კარის სახელურის შეხებისგან თავშეკავება, გრიპიანი ადამიანებისგან თავის შორს დაჭერა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით 213 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია დაავადების 9800 შემთხვევა, მათ შორის, 131-ზე მეტი შემთხვევა კონტინენტური ჩინეთის გარეთ.
გუშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხუპეის პროვიცნიის თითქმის ყველა ქალაქში სატრანსპორტო შეზღუდვები დააწესეს. ხუპეის პროვინციაში 59 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავაინთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია უკვე განხორციელეს.
ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.
ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.
"ზოგჯერ კორონავირუსები, რომლებიც ცხოველებს აავადებენ შესაძლოა განვითარდეს, ადამიანის დაავადება გამოიწვიოს და ადამიანის ახალი კორონავირუსი წარმოქმნას. ამის სამი უკანასკნელი მაგალითია 2019-nCoV, SARS-CoV და MERS-CoV," - ვკითხულობთ აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის (CDC) ვებგვერდზე.
ვუხანში ეპიდემიოლოგების გამოძიებით ახალი კორონავირუსი ზღვის პროდუქტების ბაზრიდან გავრცელდა, სადაც პაციენტთა უმეტესობა მუშაობდა ან ბაზარს სტუმრობდა. ბაზარი დეზინფექციის გამო დახურეს. ბაზარში არალეგალურად იყიდებოდა ცოცხალი ბაჭიები, გველები და სხვა გარეული ცხოველები. ჩინელ მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ადამიანებს ეს ვირუსი სავარაუდოდ გველებისგან გადაედოთ, რომლებიც ღამურებისგან დაავადდნენ.
ახალი კონონავირუსით დაავადებულთა შემთხვევები ძირითადად ხასიათდებოდა სიცხით და ფილტვის ორმხრივი ინფლირტაციით, მაგრამ სრული კლინიკური, ლაბორატორიული და რადიოლოგიური ინფორმაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.
20 იანვარს ჩინეთში განაცხადეს, რომ ახალი ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.
26 იანვარს ჩინეთის ეროვნული კომისიის მინისტრმა მა სიაოვეიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ინკუბაციის პერიოდშიც შესაძლებელია, რომელიც 1-დან 14 დღემდე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულ ადამიანს შესაძლოა სიმპტომები არ აღენიშნებოდეს, თუმცა ვირუსის გადამდები იყოს.
ახალი კორონავირუსის წამალი ან თავდაცვითი ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს და მისი მართვა სიმპტომურია. ზოგადად, კორონავირუსებისთვის რეკომენდირებული მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს, გარდა საჭირო დახმარების აღმოჩენისა.
28 იანვარს ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომებისგან, მაგალითად დაბალი ტემპერატურისგან განკურნვა 1 კვირაში შესაძლებელია. ამჟამინდელი ინფორმაციით, 143 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 23 იანვრის ინფორმაციით, ახალი ვირუსით დაავადებით შემთხვევების სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 4 % (557 დაავადებულიდან 17 დაღუპული). დაავადებულთა 25%-ის მდგომარეობა იყო მწვავე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ გამოკვეთილა კონკრეტული რისკ-ჯგუფები, ახალი ვირუსით მეტწილად შუახნის ან ასაკოვანი ადამიანები ავადდებიან.





