დამოუკიდებელი ინსპექტორი

ჯანეზაშვილი: დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ​ჩინჩალაძისთვის სანდო პირს აირჩევენ

ხატია ჯამალაშვილი/საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო

დღეს, 23 იანვარს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ დამოუკიდებელ ინსპექტორს აირჩევს.

სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

კანდიდატების ვინაობა საჯაროდ ცნობილი არ არის.

პირველი დამოუკიდებელი ინსპექტორი, ქეთევან ცინცაძე, რომელიც მოვალეობას 2 წლის განმავლობაში ასრულებდა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა. ცინცაძე დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე დანიშვნამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე იყო. ჩინჩალაძეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასამართლო სისტემაში ყველაზე გავლენიან პირად, კლანის ლიდერად მოიხსენიებენ, რომელიც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი 2017 წელს შეიქმნა და იუსტიციის საბჭოსგან დამოუკიდებლად მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებას დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას/გამოკვლევის უფლებამოსილება მიენიჭა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, "მომავალმა ინსპექტორმა უკვე იცის, რომ თუ კარგად მოიქცევა შეიძლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობასაც კი გამოჰკრას ხელი".

"ასე მოხდა უკვე ქეთევან ცინცაძის შემთხვევაში, ის იყო დამოუკიდებელი ინსპექტორი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, დეკემბერში კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა ე.წ. კლანისა და სხვათა წყალობით.

ამიტომ მომავალ დამოუკიდებელ ინსპექტორს მეტი მიზეზი და მოტივაცია ექნება, დაემორჩილოს ე.წ. კლანის მითითებებს და ამით კარიერულ წარმატებებს მიაღწიოს.

ერთი რამ უდავოა - დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე არჩეული იქნება ჩინჩალაძისთვის ყველაზე სანდო, ყველაზე მორჩილი და ყველაზე უინიციატივო პირი, რადგან ახალ დამოუკიდებელ ინსპექტორს მართლა დამოუკიდებელი რომ არ ეგონოს საკუთარი თავი", - ამბობს ჯანეზაშვილი.

კომენტარები