საგამოძიებო: მდინარე სუფსის კალაპოტში ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვებისთვის 1 პირი დავაკავეთ

გურიანიუსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ლიცენზიის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის, წიაღით უკანონოდ სარგებლობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით, ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, მდინარე სუფსის კალაპოტში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ქვიშა-ხრეშს უკანონოს მოიპოვებდა, რომელიც შემდგომ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გაწერის გზით, ფორმალურად აისახებოდა ერთ-ერთი კომპანიის სახელზე.

მათივე ინფორმაციით, დადგენილია, რომ აღნიშნული გზით, უკანონოდ იქნა მოპოვებული 15 775 კუბური მეტრი ქვიშა - ხრეში, გარემოზე მიყენებული ზიანი 15 000 ლარს აღემატება.

საგამოძიოში ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე, 299-ე, 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით. მათი თქმით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

კომენტარები