გარემოვაჭრეები

5 იანვარს დედაენის ბაღში გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად ფლი მარკეტი ჩატარდება

სირცხვილია

5 იანვარს დედაენის ბაღში გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად ფლი მარკეტი ჩატარდება.

"5 იანვარს, 12:00-18:00 საათამდე ვიკრიბებით დედაენის ბაღში საშობაო მარკეტზე, მოიტანეთ თქვენი ნივთებიც.

გარემოვაჭრეები საკუთარ ოჯახებს საახალწლოდ გაყიდული ნივთების შემოსავლით არჩენენ. ბოლო სამი დღის განმავლობაში ამ ადამიანებმა მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს.

აუცილებელია, მათ ვანახოთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უპირობო მხარდაჭერა და ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ", - აცხადებს მოძრაობა სირცხვილია, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია.

მას შემდეგ, რაც ​თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა, 31 დეკემბრის ღამეს, პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა ნაგვის მანქანებით გაიტანა, ტერიტორიაზე სავაჭრო დახლები და ბატუტი განათავსა. ამის გაპროტესტების დროს პოლიციამ 9 აქტივისტი დააკავა.

2 იანვარს მერიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ და გარემოვაჭრეებს პარლამენტთან გადასვლა მოსთხოვეს. თუმცა, მათი დიდი ნაწილი ამას არ თანხმდება. ზოგიერთი ამის მიზეზად პარლამენტის ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობებს და კარვების გატანას ასახელებს, ზოგი კი შესაძლო ნაკლებ შემოსავალს.

მერია აცხადებს, რომ რესპუბლიკის მოედანზე მხოლოდ მცირე მეწარმეების დახლებია განთავსებული და ტერიტორიაზე "უწესრიგობას" და "ქაოტურ გარევაჭრეობას" ვერ დაუშვებს.

კომენტარები