უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი პეტრენკომ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინამ აშშ-სთან ჯაველინების სისტემების მიღებაზე ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესყიდვაზე შეთანხმებას წლის მეოთხე კვარტალში მოაწერეს ხელი. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას," - ვკითხულობთ აშშ-ში უკრაინის საელჩოს განცხადებაში.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აქტს, რაც 2020 წელს უკრაინაში სამხედრო დახმარების სახით 300 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 39 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჯაველინების მიყიდვა დაამტკიცა.
თავდაპირველად უკრაინამ 210 რაკეტა და 37 სატყორცნი დანადგარი 2018 წელს 47 მილიონ დოლარად შეიძინა. გარდა იარაღის მიყიდვისა 2014-2019 წლებში აშშ-მა უკრაინას 1.5 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.
აშშ უკრაინის ერთერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია.
კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30 000 დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება დონბასის სეპარატისტებს.