უჩიპო პირადობები

უგულავა უჩიპო პირადობის მოწმობებზე: ზრდის არჩევნების გაყალბების საფრთხეს

ტაბულა

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი უგულავას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებს საბოლოო გადაწყვეტილებამდე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება ჩიპის გარეშე შეეძლებათ, არჩევნების გაყალბების საფრთხეს ზრდის. 

"ჩიპიანი ბარათის გაუქმება ადამაინებს საშუალებას ართმევს, მაგალითად, თურქეთსა და უკრაინაში პირადობის მოწმობით გადავიდნენ. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. საკონსტიტუციო სასამართლო და წულუკიანი გვთავაზობენ უტვინო ბარათს. ეს არის ქვის ხანის გადაწყვეტილება, ხელისუფლება მიგვაქანებს ქვის ხანისკენ, სადაც არჩევნები არ ტარდება და არაფერი ნორმალური არ არის. არანაირი კავშირი რელიგიურ გრძნობებს და ჩიპს არ აქვს და ვინც ამას ამტკიცებს, ის, უბრალოდ, ბნელია,"-თქვა უგულავამ მთავარ არხთან ინტერვიუში. 

საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით, 26 დეკემბრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოქალაქეებს პირადობის მოწმობის აღება ჩიპის გარეშე შეეძლებათ. ამ პირადობის მოწმობებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი არ ექნება. 

სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო ნანა სეფაშვილისა და ია რეხვიაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის (ჩიპის) გარეშე მიღების შესაძლებლობას. 

მათი მტკიცებით, ინფორმაციის ჩიპის შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. შესაბამისად, მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს. 

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

კომენტარები