საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

პესკოვი: ნორმანდიული ფორმატი საქართველოსთან სასაუბროდ არ გამოგვადგება

ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის გადასაჭრელად, შესაძლოა, ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის მსგავსი ფორმატი იყოს შესაფერისი. 

ამ განცხადებიდან მეორე დღეს, დიმიტრი პესკოვმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ნორმანდიული ოთხეულის ფორმატი საქართველოსთან სასაუბროდ არ არის შესაფერისი, ვინაიდან პრობლემის სტრუქტურა უკრაინისგან განსხვავებულია. 

პესკოვის თქმით, ნორმანდიული ოთხეულის ფორმატი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დასარეგულირებლად შეიქმნა, რაც უნიკალური მახასიათებელია, აქედან გამომდინარე, საქართველოსთან სასაუბროდ იგივე ფორმატი მიზანშეწონილი არ იქნება. 

"აქ საუბარია რუსეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. პრობლემის სტრუქტურა განსხვავებულია, ამიტომაც, ყველა ესეთ შემთხვევაში უნდა მოიძებნოს შესაბამისი ფორმატი", — განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 

როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ნორმანდიული ფორმატის მსგავსი ფორმატი ჭირდება.

კომენტარები