თავდასხმა პოლიციელზე

კაცი, რომელმაც ბათუმში პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა, დააჯილდოვეს

აჭარის ტელევიზია

რაულ თებიძე, რომელმაც ბათუმში პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა, საკრებულომ დააჯილდოვა.

მას მადლობის სიგელთან ერთად 2 000 ლარიც გადაეცემა.

რაულ თებიძე 41 წლის არის და ხელოსანია.

პოლიციელი კისრის არეში ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 18 დეკემბერს, საღამოს დაჭრეს - გამვლელმა საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა და პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს.

პოლიციელს მოქალაქე დაეხმარა, რომელიც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. ის შეეცადა სისხლდენა შეეჩერებინა და ქირურგიული ოპერაციის დასრულებამდე კლინიკაში დარჩა.

პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

ინფორმირებულმა წყარომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ტაბულას უთხრა, რომ პირს, რომელიც ბათუმში პოლიციელი დაჭრა, ე.წ კანონიერი ქურდობა სურს და დანაშაულიც სწორედ ამიტომ ჩაიდინა.

მისი თქმით, პოლიცია ამუშავებს ვერსიას, რომ ბრალდებული გელა ჭაღალიძე​ ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, ლავასოღისთან და თამაზ ქარცივაძესთან, იგივე კუსასთან დაახლოებული პირი იყო და ე.წ კანონიერი ქურდის სტატუსის მოპოვებას პოლიციელის დაჭრითა და ციხეში მოხვედრით ცდილობდა.

კომენტარები