გია ნოდია

ნოდია: სისტემური პრობლემა პოლიტიკურია და მას მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება მოუარო

როცა 15 წლის თინეიჯერი თავს იკლავს და ეს ხდება იმ კონტექსტში, რაშიც მოხდა, ცხადია, რომ ემოციურ ფონზე ბევრი რეაქცია, თუნდაც გულწრფელი, არაადექვატური იქნება. დიახ, ამ ასაკის მოზარდის ფსიქიკა შეიძლება უკიდურესად მოწყვლადი იყოს ის სხვადასხვა მიზეზით მივიდეს სუიციდამდე. ბოროტებაა, ასეთ შემთხვევებში ვიღაც კონკრეტულს დავადოთ ხელი და ვუთხრათ: ეს შენი ბრალია, შენ მიიყვანე ეს ბავშვი თვითმკვლელობამდე. მით უმეტეს, როცა ნებისმიერი ადამიანი, ვინც რაღაც ნიშნით დაკავშირებულია ამ ეპიზოდთან, ისედაც მორალურ ჯოჯოხეთშია.

ძალიან არ მომწონს, როცა ადამიანები, ვინც მხოლოდ ყურმოკვრით იცის, რა მოხდა, მორალურ პროკურორებად იქცევიან და ონლაინ ლინჩის წესით ასამართლებენ კონკრეტულ "დამნაშავეებს".

ვერ ვამტკიცებ, რომ მწვანე სკოლამ ამ შემთხვევაში ყველაფერი სწორად გააკეთა, რადგან ყველაფერზე ზუსტი ინფორმაცია არა მაქვს და ვერც მექნება. მაგრამ სრულიად მიუღებელია, რომ ადამიანები მხოლოდ ჭორების საფუძველზე გვიმტკიცებენ, რომ სკოლამ რაღაც დააშავა. საიდან იცით? რაც ნამდვილად ვიცით (არავის უარუყვია), ისაა, რომ ღამით სკოლაში ვიღაც გადაიპარა და კედლები წარწერებით აააჭრელა, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ პოლიციას მიმართა. აბა რა უნდა ექნა? ამის შემდეგ გამოძიებას შესაბამისი ორგანოები წარმართავდნენ და სკოლას არავინ ეკითხებოდა.

ნაკლებ პოპულარული პოზიციაა, მაგრამ იმის წინააღმდეგიც ვარ, აპრიორი პოლიციას დავაბრალოთ მოზარდის თვითმკვლელობა. იქიდან, რომ ლუკა დაკითხვიდან გამოვიდა და ფანჯრიდან გადახტა, ავტომატურად ვერ დავასკვნით, რომ გამომძიებელმა რაღაც არასწორად გააკეთა.

ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ "მომხდარის პოლიტიზაცია დაუშვებელია" და ა. შ. კონტექსტია მთავარი. ხელისუფლების რეაქციები მოწმობს, ის მომხდარს ერთადერთი კუთხით: პოლიტიკური ზარალის შემცირების კუთხით უყურებს და რეალურად რა და როგორ მოხდა, არც აინტერესებს - ისევე, როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში იყო. მან სრულიად შეგნებულად, ტრაგიკული შემთხვევის დადგომისთანავე, ხალხს საჯიჯგნად გადაუგდო კონკრეტული პაიკი, გამომძიებელი ჩოლოიანი: "ამას აგინეთ, თუ გინდათ, ჩვენ გაგვანებეთ თავი". მეორეს მხრივ, ის სისტემურად, ლიდერიან-ბოტიანად, საზოგადოებაში ამკვიდრებს აზრს, რომ სკოლაა მთავარი დამნაშავე, აგერ, რაღაც ინსპექციაც მიუსია სკოლას.

მეორეს მხრივ, ის, რაც ზოგადად დღევანდელი პოლიციის მეთოდების შესახებ ვიცით, გვიჩენს საფუძვლიან ვარაუდს ვიფიქროთ: პოლიციის მიერ გამოყენებული მეთოდები შეიძლება გამხდარიყო ის ბოლო ბიძგი, რამაც ლუკა სირაძეს ამ ფატალური ნაბიჯისკენ უბიძგა. ოღონდ გამომძიებელი მუშაობდა ისე, როგორც ზოგადად მუშაობს, უბრალოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში "არ გაუმართლა" და ტრაგედია დარიალდა (მისთვისაც). ამიტომ არ შეიძლება, ჯოხი მხოლოდ ერთ თანამშრომელზე გადატყდეს, თუნდაც აღოჩნდეს, რომ მან მართლაც უკანონო მეთოდები გამოიყენა.

დაკვნა რა არის? დაღუპულ ლუკა სირაძეს, ალბათ, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ სისტემური პრობლემა პოლიტიკურია და მას მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება მოუარო. პოლიტიზაცია სწორია და საჭიროა.

კომენტარები