ერეკლე კუხიანიძე

დავითულიანი: კუხიანიძე გვეთანხმება, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი, ამისთვის დრო ითხოვა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის თქმით, ერეკლე კუხიანიძე ამბობს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შესახებ დაწერილი პოსტის გამო ბოდიშს მოიხდის, თუმცა ამისთვის დრო სჭირდება. დავითულიანმა ამის შესახებ ერეკლე კუხიანიძისა და საკრებულოს უმრავლესობის სხვა წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. დავითულიანი ამბობს, რომ უმრავლესობის წევრებმა კუხიანიძეს ბოდიშის მოსახდელად დრო მისცეს. 

"ერეკლე კუხიანიძემ თქვა, რომ გვეთანხმება იმაში, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი, ამგვარი აგრესიული პოსტის გამო, ჩვენ ყველამ დავუფიქსირეთ, რომ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს, მან ამის გასაკეთებლად ითხოვა დროს და ჩვენ მივეცით ეს დრო. ფრაქციის სხდომაზე ვიმსჯელებთ თანამდებობრივ საკითხთან დაკავშირებით და გადავწყვეტთ," - ამბობს დავითულიანი.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების აღშფოთებულ ნაწილს "ღრმა ფსიქიკური აშლილობის" დიაგნოზი დაუსვა და თქვა, რომ "ვინც იგნორირებას უკეთებს დასავლეთის რჩევას, ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან, პროვოკატორად და ქვეყნის მტრად" მიაჩნია.

ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ერეკლე კუხიანიძე, 2019 წლის 20 ივნისს Facebook-ზე წერდა, რომ ვინც რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს "ფიზიკურად შეეხო - ის არის საქართველოს მტერი და სასტიკად დასასჯელია".

დღეს პოლიტიკოსებმა, მოქალაქეებმა და აქტივისტებმა საკრებულოსთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, რომ კუხიანიძემ თბილისის საკრებულო დატოვოს. 

კომენტარები