პარასკევი 13

პარასკევი 13: 5 ფილმი, რომელიც ამ საღამოს მოუხდება

ტაბულა

ერთი ცრურწმენის მიხედვით, თუ პარასკევი თვის მეცამეტე დღეს ემთხვევა, ეს კარგის მომასწავლებელი ნიშანი არ არის. ჯობს უსიამოვნო თავგადასავლები ეკრანზე გამოგონილ პერსონაჟებს გადახვდეთ თავს, ხოლო რეალური სამყაროს მკვიდრნი, თავიანთი პრობლემების დავიწყების მიზნით, ფილმის გმირებს გულშემატკივრობდნენ. ამიტომაც, ჩვენ ავარჩიეთ ხუთი ფილმი, რომელიც პარასკევი 13-ის საღამოს მოუხდებოდა

1) GET OUT და US


ფოტო: Wired

ჯორდან პილის საშინელებათა ფილმში Get Out, შავკანიანი ფოტოგრაფი, თავისი მეგობარი გოგოს კონსერვატიული ოჯახის გასაცნობად მიდის. მათ სახლში სტუმრობისას კი შენიშნავს, რომ შავკანიანი მოსამსახურეები უცნაურად და ცოტათი შემაძრწუნებლადაც კი იქცევიან. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ თეთრკანიან ოჯახს მისი ტვინის გადანერგვა სურს. პილის ფილმში, მონსტრებისა და ურჩხულების ადგილს ამერიკული ცხოვრების კრიტიკა იკავებს.

პილმა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას უყვარს, როდესაც მაყურებელს თავს არაკომფორტულად აგრძნობინებს და ეს გამოსდის კიდევაც. ფილმში US, ოჯახი დასასვენებლად ტბისპირა სახლში ჩადის, სადაც გმირებს, არსაიდან მკვლელობის წყურვილით შეპყრობილი მათი ორეულები დაესხმიან თავს. 

3) Hereditary

ფოტო: Associated Press

Hereditary, არი ასტერის საშინელებათა ფილმია, რომელიც თავის ჟანრში უკანასკნელი წლების განმავლობაში გადაღებული სურათებიდან ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. Hereditary არა მხოლოდ კარგი ჰორორია, არამედ ის არაჩვეულებრივად გადმოსცემს პოსტტრავმულ პერიოდს ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის ფილმი დანაკლისზე, უდიდეს ტკივილზე, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია შეგშალოს. 

4) Friday the 13th


ფოტო: MONEY

ამ ფილმის გარეშე, ეს სია ვერ შედგებოდა. 1946 წლის 13 ივნისი, პარასკევი. სწორედ ამ დღეს გააჩინა, მარკუს ნისპელის საშინელებათა ფილმში Friday the 13th პამელა ვურჰუსმა ჯეისონი, რომელიც აი უკვე რამდენი წელია ბევრი ადამიანისთვის ღამის კოშმარად იქცა. ფილმი Friday the 13th ჰორორის ჟანრის კლასიკაა. 

5) Shining


ფოტო: reelrundown.com

სტენლი კუბრიკის უკვდავი კლასიკა Shining უმეტესობას ნანახი აქვს, თუმცა არც მის კიდევ ერთხლ ნახვაზე უნდა ითქვას უარი. მოჩვენებები, სიგიჟე, სისხლის მდინარეები, გრძელი დერეფნები, ტყუპი დები - ყველაფერი იდეალურ ატმოსფეროს შექმნის პარასკევი 13-ს გასატარებლად.  

ბონუსი

სერიალების მოყვარულებისთვის, ერთი სერიალიც შევარჩიეთ 

The Haunting of Hill House

სერიალში,  ყველა პერსონაჟს სერიოზული ცხოვრებისეული ტრავმა აქვს მიღებული და ყოველ მათგანს პირადი მონსტრი დასდევს, შიგნიდან ღრღნის, წვავს და შემდეგ ფერფლიდან აღადგენს. შემაძრწუნებელი არსებები, საშინელი სახლი, საინტერესო პერსონაჟები და მათი ისტორიები არავის დატოვებს გულგრილს. განსაკუთრებით, თუ თვის მეცამეტე დღე პარასკევს დაემთხვა. 

კომენტარები