ვაშაძე: მოლაპარაკებების შედეგად არ ველი კარდინალურ და რევოლუციურ გარღვევებს

ტაბულა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყებამდე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებთან აკეთებს კომენტარს. ვაშაძის თქმით, არ ელის, რომ შეხვედრას გარღვევები მოჰყვება:

"პირველი რაუნდი, თქვენ იცით, რომ ტანჯვა-წამება იყო - არც პასუხი აქვთ ოპოზიციისთვის გასაცემი არც სამოქალაქო საზოგადოებისადმი გასაცემი პასუხი აქვთ, არ იციან, რატომ არიან ამ შეხვედრაზე, გარდა იმისა, რომ ვერ უძლებენ საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების წნეხს

რომ გითხრათ, რომ ოპტიმიზმით ვარ გამსჭვალული და ველოდები კარდინალურ და რევოლუციურ გარღვევებს - არა. მეორე რაუნდი შესდგება, გამოვალ იქიდან, მოგახსენებთ. ჩემი დიდი ვარაუდით, არაფერი სერიოზულით ხელისუფლება მოსული არ იქნება."

დღეს, 8 დეკემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 18:00-ზე, სასტუმრო შერატონში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო. 30 ნოემბრის პირველი შეხვედრის მსგავსად, მოლაპარაკების მეორე რაუნდიც დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით მიმდინარეობს - შეხვედრას ოპოზიციიდან ასევე ესწრება პარტია "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

კომენტარები