პროკურატურა ია კერზაიას საქმეზე ომბუდსმენის შეფასებას არაობიექტურს უწოდებს და არ იზიარებს

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის მიერ ია კერზაიას საქმის გამოძიების შეფასებას არ იზიარებენ და მიაჩნიათ, რომ "არაობიექტურია და ზოგ შემთხვევაში სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებულ კომპეტენციასაც  სცილდება, რადგან იგი არ წარმოადგენს პროკურატურის მიერ წარმოებული საგამოძიებო საქმეების ზედამხედველ ორგანოს."

სახალხო დამცველმა ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას, გარდაცვალების საქმეზე ჩატარებული გამოძიების მასალების შესწავლა დაასრულა. ომბუდსმენმა დაადგინა, რომ საქმეში ვლინდება სისტემური ხარვეზები.

ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ პროკურატურამ საქმესთან შემხებლობის მქონე ყველა პირი გამოკითხა, დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა. 

"საქმის მასალებიდან დგინდება, რომ გამოძიება 2019 წლის 11 თებერვლამდე არ დაწყებულა, რაც გაუმართლებელი დაგვიანების მანიშნებელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმეზე გამოძიება 332-ე მუხლის კვალიფიკაციით დაიწყო, სრულიად აუხსნელია, რატომ არ დაიწყო გამოძიება 26-27 ნოემბერს, როდესაც ია კერზაიას საჯარო განცხადება [რომ ის პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია] იძლეოდა ამის საფუძველს,"- წერია ომბუდსმენის დასკვნაში. 

პროკურატურის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის ეს პოზიცია მათთვის გაუგებარია, რადგან "ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურას მიმართა 2018 წლის 19  დეკემბერს, ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ მიმართა":

"ბაჩანა შენგელიას მომართვის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო განცხადების განხილვა. ამ პროცესში გასაუბრება შედგა როგორც ბაჩანა შენგელიასთან, ასევე სხვა პირებთან, საგამოძიებო ორგანომ მოიპოვა საკითხთან შემხებლობაში არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია.

შედეგად, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 11 თებერვალს." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ომბუდსმენის შეფასებით, დაგვიანებულმა გამოძიებამ სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახადა. დასკვნის მიხედვით, ლავრენტი ქირიასთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერი პროკურატურამ განათლების სამინისტროდან მხოლოდ 7 მარტს გამოითხოვა, რა დროისთვისაც კადრები უკვე წაშლილი იყო, რადგან სამინისტრო ვიდეოჩანაწერებს 29 დღით ინახავდა. 

"კადრების მოპოვება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ გამოძიება დროულად, 26-27 ნოემბერსვე დაიწყებოდა,"- წერს სახალხო დამცველი. 

ომბუდსმენის დასკვნით, ეს გაუმართლებელი დაგვიანება გამოძიების უშედეგოდ დასრულების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი გახდა.

ამაზე პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ბაჩანა შენგელიას მიერ გამოძიების დაწყების მოთხოვნისას (2019 წლის 19 დეკემბერი) სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე აღარ ინახებოდა, შესაბამისად,  გამოძიება ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას ეს მტკიცებულება მოეპოვებინა."

პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ ია კერზაიას საქმეზე ჩატარდა ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, მათ შორის გამოკითხა ყველა  პირი, რომელთაც საქმესთან რაიმე სახის შეხება ჰქონდათ.

"შედეგად, ჩატარებული სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებით არ დადასტურდა რომ ია კერზაიას გარდაცვალება დაკავშირებული იყო მის მიმართ არასათანადო/უკანონო მოპყრობასთან და ამიტომ, ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დანაშაულის არარსებობის გამო შეწყდა."

სახალხო დამცველის დასკვნით კი, საქმის მასალების შესწავლის დროს აღმოჩნდა, რომ გამოძიების არდაწყების მიუხედავად, 25-27 დეკემბერს რამდენიმე პირი გამოიკითხა. ომბუდსმენის განცხადებით, მსგავსი საპროცესო მოქმედებები არაფორმალური "მოკვლევის" ან "წინასაგამოძიებო მოქმედების" ფარგლებში ტარდებოდა, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის შეფასებით, ია კერზაიას საქმემ ნათლად წარმოაჩინა დაზარალებულის/დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის შესახებ პროკურატურის არაერთგვაროვანი მიდგომა. პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას უარი უთხრა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა მას ორჯერ გააცნო საქმის მასალები, რაც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, დაზარალებულის პრეროგატივას წარმოადგენს. 

კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

აღსანიშნავია, რომ 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, "დანაშაულის არ არსებობის გამო" გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ "ადგილი ჰქონდა "ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას".

6 ნოემბერს კი სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა.

კომენტარები