საპროტესტო აქციარუსთაველზე

საპროტესტო აქცია 19:00 საათზე განახლდება, აქტივისტები მოქალაქეებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ

ტაბულა

19:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდება.

აქტივისტები და პოლიტიკოსები შეკრებილ მოქალაქეებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

მანამდე ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი სწორედ სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ.

26 ნოემბერს, გამთენიისას მშვიდობიანი დემონსტრანტები პოლიციამ სპეცრაზმის გამოყენებით დაშალა. რობოკოპებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ დემონსტრანტს კანონი არ დაურღვევია.

დემონსტრანტები პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ცდილობდნენ, რათა ქართული ოცნების დეპუტატებისთვის მუშაობაში ხელი შეეშალათ.

აქციის მონაწილეები, აქივისტები და ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, ქართულმა ოცნებამ შეასრულოს ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრილოვის ღამის შემდეგ გაცემული პირობა და 2020 წლის არჩევნები სამართლიანად, პროპორციული წესით ჩაატაროს.

მმართველმა გუნდმა დაპირება არ შეასრულა და 14 ნოემბერს შესაბამისი კანონპროექტი ჩააგდო. აქტივისტებმა და ოპოზიციამ მათ ალტერნატივად ე.წ გერმანული მოდელი შესთავაზეს, თუმცა, ქართული ოცნება ამბობს, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება.

კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ მმართველი გუნდი ამბობდა, რომ პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდებოდა, ისე, როგორც ეს კონსტიტუციით არის გაწერილი. თუმცა, 25 ნოემბერს კახა კალაძემ თქვა, რომ ამის შესახებ ახლა მოსახლეობას უნდა ჰკითხონ და პლებისციტი 2020 ან 2021 წლის არჩევნებთან ერთად ჩაატარონ. ეს განცხადება ნიშნავს, რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამ არც 2020 წლის შემდგომი არჩევნები ჩაატაროს პროპორციული წესით.

გერმანულ მოდელი შერეული ტიპის საარჩევნო სისტემად ითვლება, რადგან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამ არჩევნებში მაინც მონაწილეობენ, თუმცა დღეს არსებული საარჩევნო სისტემისგან განსხვავებით, მას ის უპირატესობა აქვს, რომ პარტიები პარლამენტში მხოლოდ იმ რაოდენობით დეპუტატებს შეიყვანენ, რამდენ პროცენტსაც აიღებენ პროპორციული საარჩევნო სისტემით.

ე.წ გერმანული მოდელის მიღებას 113 დეპუტატის ნაცვლად მხოლოდ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, ვინაიდან ცვლილება შედის არა კონსტიტუციაში, არამედ, საარჩევნო კოდექსში, რომლისთვისაც აბსოლუტური უმრავლესობაც (ნახევარზე მეტი) კმარა.

კომენტარები