დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: გემიდან პირველი გარბიან ვირთხები, მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი

ტვ პირველი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ "გემიდან პირველი გარბიან ვირთხები" და ის კაპიტანთან დარჩენას არჩევს.

ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქზე დაწერა. ის ასე, სავარაუდოდ, ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის განცხადებებს ეხმაურება.

"ცნობილი იყო და ხშირად დაწერილა კიდეც, რომ გემიდან პირველი გარბიან ვირთხები (რომლებსაც მოეჩვენათ, რომ დროა თავს უშველონ). ბოლომდე კი რჩება კაპიტანი.

რაც უნდა იყოს, მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი, რატომღაც ეგ უფრო მაინტერესებს.

ყველაფერი კარგად იქნება", - წერს ჯაღმაიძე.

26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

საპატრიარქოში მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

კომენტარები