აშშ

ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებას დატოვებს

დონალდ ტრამპი
REUTERS

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პიტსბურგში ენერგეტიკის კონფერენციაზე დაადასტურა, რომ აშშ პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებას დატოვებს.

ტრამპმა მას ცუდი შეთანხმება უწოდა და თქვა, რომ მისი პოლიტიკა, რომელიც წიაღისეულის მოპოვებას მხარს უჭერს, აშშ-ის ენერგეტიკის მხრივ სუპერძალად აქცევს.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ შეთანხმებას იმ შემთხვევაში დატოვებდა, თუ მისი გაუმჯობესება ვერ მოხერხდებოდა, თუმცა დიპლომატიური წყაროები მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების მცდელობა არ ყოფილა.

შეთანხმების მიხედვით აშშ-ს გამონაბოლქვის რაოდენობა 2025 წლამდე 28%-ით უნდა შეემცირებინა.

ტრამპის ადმინისტრაცია უკვე მუშაობს ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ქვანახშირის წარმოების ფასების შემცირებაზე.

აშშ-ს შეთანხმების დატოვების პროცესის დაწყება 4 ნოემბრიდან შეეძლება და ძალაში 2020 წელს შევა. მიუხედავად ამისა, აშშ-ის შტატების, ქალაქების და ბიზნესების ნაწილი შეთანხმების პირობების შესრულებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებას დატოვებდა.

პარიზის შეთანხმება ითვალისწინებს გლობალური ტემპერატურის შენარჩუნებას პრეინდუსტრიულ მაჩვენებელზე არაუმეტეს 2 გრადუსისა, რადგან მეცნიერების აზრით, ამ ნიშნულიზე მაღალი მაჩვენებელი პლანეტის ეკოსისტემის განადგურებას გამოიწვევს.

გასულ წელს CBS News-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ კლიმატის ცვლილება შესაძლოა "შემობრუნდეს" და მეცნიერები პოლიტიკურად მოტივირებულები არიან ამ საკითხზე საუბრისას.

"ვფიქრობ რაღაც ხდება. რაღაც იცვლება, მაგრამ ის უკან დაბრუნდება. არ ვფიქრობ, რომ ეს მოგონილია. ვფიქრობ, არის განსხვავება. მაგრამ არ ვიცი ეს ადამიანების მიერ არის გამოწვეული თუ არა. ამას ვიტყვი: არ მინდა მილიარდობით დოლარის გაფლანგვა. არ მინდა მილიონობით დოლარის სამუშაოების დაკარგვა." თქვა მან.

კომენტარები