აშშ-ის ელჩი საქართველოში

ბოკერია: სიცრუეა, რომ აშშ-ის ელჩის კანდიდატურა ივანიშვილმა დაბლოკა, ამას სსრკ-იც ვერ ბედავდა

გიგა ბოკერია
ტაბულა

გიგა ბოკერიას თქმით, ტყუილია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატურა დაბლოკა. 

ევროპული საქართველოს ლიდერმა მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ "აშშ-ის ნომინირებული ელჩის დაბლოკვას საბჭოთა კავშირის ვერ ბედავდა", თუმცა, მისი თქმით, შესაძლოა ივანიშვილის რამდენიმე ლობისტმა საკითხის განხილვის ეტაპზე იმუშავა იმაზე, რომ აშშ დაერწმუნებინა, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა შეიძლება არ ყოფილიყო კარგი არჩევანი საქართველოს ოლიგარქ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დასამყარებლად და ეს სულ სხვა ტიპის სამუშაოა. 

ინფორმაცია, რომ საქართველოში ელჩობის აშშ-ის მიერ განხილული კანდიდატი, ბრიჯიტი ბრინკი საქართველოს ხელისუფლებამ დაბლოკა, 2018 წლის იანვარში Foreign Policy-მ გაავრცელა. 

"ივანიშვილი კი არა, საბჭოთა კავშირი ვერ ბლოკავდა ამერიკის ნომინირებულ ელჩებს. საიდან მოიტანა საერთოდ იმ ხალხმა, ვინც ეს გაავრცელა? ის, რომ საქართველოში წელიწად-ნახევარი ელჩი არ იყო, ძალიან ცუდია. ეს არის ბევრი ფაქტორის ბრალი. კარგია, რომ ახლა ნომინირებულია ელჩი და იმედია, სენატში მალე ჩაივლის მოსმენები და სწრაფად ჩამოვა. ბევრ ქვეყანაში იყო მსგავსი პრობლემა, თურქეთშიც იყო. 

მითი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ამერიკელებს, თუ ამას გამოაგზავნით, არ შემოვუშვებო, არის სრული სიცრუე. არცერთ ხელისუფლებას და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს არასოდეს არც კი გაუვლია თავში, რომ ასეთი დაპირისპირება გაბედოს შეერთებულ შტატებთან. ეს არის მეგობრობაზე უარის თქმა. ამერიკა არ ბლოკავს ჩვენს ელჩს. ვერც საქართველოს ელჩს დაბლოკავს ამერიკა, თუ კონკრეტული რაღაც არ არსებობს: ან კრიმინალი უნდა იყოს, ან ჯაშუში. არ მომხდარა შემთხვევა, რომ საქართველოს ელჩი დაებლოკოს ამერიკას. 

მანდ ლაპარაკია სხვა რამეზე. როცა საკითხი იხილებოდა, ივანიშვილის რამდენიმე ლობისტმა იმუშავა იმაზე, რომ ეთქვა, ეს შეიძლება არ არის კარგი არჩევანი საქართველოს ოლიგარქ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დასამყარებლადო. ეს არის სულ სხვა ტიპის სამუშაო. შიდა წინააღმდეგობებით ისარგებლეს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში და არა ის, რომ დაბლოკა", - თქვა გიგა ბოკერიამ. 

საქართველოში აშშ-ის ელჩს, იან კელის, უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტის ბოლოს ამოეწურა. სწორედ ამ პერიოდიდან არ ჰყავს აშშ-ის საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეტ რუდი ასრულებს. 

ელჩობის კანდიდატად კი მიმდინარე წლის სექტემბერში დონალდ ტრამპმა კელი დეგნანი წარადგინა. კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ამ დრომდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველი და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მის კანდიდატურას სენატზე უნდა ეყაროს კენჭი. 

კომენტარები