თალაკვაძე სპეცრაზმელის გათავისუფლებაზე: სინამდვილეში, ეს არის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 20 ივნისის ბრალდებული სპეცრაზმელის გათავისუფლებაზე განმარტებების გაკეთება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.

ამასთან, არჩილ თალაკვაძე დასძენს, რომ "გათავისუფლება" საკმაოდ პირობითი სიტყვაა და სინამდვილეში, სპეცრაზმელს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა.

"ამაზე განმარტებები შესაძლებელია გააკეთოს მხოლოდ სასამართლომ და სხვა ინტერპრეტაციები ამას პოლიტიკოსების მხრიდან ვერ ექნება. როდესაც გათავისუფლებაზე საუბრობთ, გათავისუფლება არის საკმაოდ პირობითი სიტყვა, სინამდვილეში, ეს არის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება და სამართალწარმოება სპეცრაზმელის მიმართ არის შეწყვეტილი, გრძელდება", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი ლევან იმერლიშვილი 27 სექტემბერს გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლეს. იმერლიშვილს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო დააკისრა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა, ამის მიზეზად სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, რაც ბრალდების მხარემ არ გაიზიარა.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე იმერლიშვილმა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, მოგვიანებით კი წყლის ჭავლებით ძალადობრივად დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 160 სამოქალაქო პირი. 2-მა ადამიანმა რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა. 

20 ივნისის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაგან უკვე 2 საქალაქო სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

ხოლო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური, რითიც შეზღუდული აქვს გადაადგილება.

კომენტარები