ამაზონი ჯუნგლები

ბოლსონარო: მცდარი შეხედულებაა, რომ ამაზონი კაცობრიობის მემკვიდრეობა და დედამიწის ფილტვებია

ჟაირ ბოლსონარო
Reuters

ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს თქმით, ამაზონის ტყე ბრაზილიის საკუთრებაა და კაცობრიობის არა მემკვიდრეობა. 

"მცდარია, როდესაც ამბობენ, რომ ამაზონი კაცობრიობის მემკვიდრეობაა. ასევე მინდა ვთქვა, რომ მცდარია მეცნიერების მიერ დადასტურებული შეხედულება, რომ ჩვენი ამაზონის ტყე სამყაროს ფილტვებია,"-თქვა ბოლსონარუმ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე.  

მისივე თქმით, ქვეყნები ეკოლოგიურ საკითხებს პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისთვის იყენებენ და ბრაზილიის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი მიმდინარეობს. 

ამაზონის ჯუნგლებში ხანძარი 6 აგვისტოს გაჩნდა. ხანძარი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო. ბრაზილიის კოსმოსის კვლევის სააგენტომ 2019 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ამაზონის ჯუნგლებში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მიმდინარე წელს ტყის ხანძრების რაოდენობა 83%-ით იყო გაზრდილი. სააგენტომ 2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე ტყის 72,000 ხანძარი დააფიქსირა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ დეფორესტაციის მონაცემებზე უთანხოების გამო კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს დირექტორი დაითხოვა. ბოლსონარომ ის მთავრობისათვის ძირის გამოთხრის მიზნით დეფორესტაციის მაჩვენებლის გაზრდაში დაადანაშაულა. სააგენტოს მაჩვენებლებით დეფორესტაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ამავე თვესთან შედარებით 88%-ით იყო გაზრდილი.

პრეზიდენტმა ბოლსონარომ თქვა, რომ ეს ის სეზონი იყო, როდესაც ფერმერები მიწის მოსაწმენდად მას ცეცხლს უკიდებენ, ამიტომ მონაცემები საგანგაშო არ ყოფილა, თუმცა კოსმოსის კვლევის სააგენტოში ირწმუნებოდნენ, რომ ხანძრების რიცხვი სეზონისათვის ჩვეულ მაჩვენებელს აღემატებოდა. ბოლსონაროს კრიტიკოსები ტყის ხანძრების რიცხვის ზრდას ბოლსონაროს პოლიტიკას უკავშირებდნენ, რომლის შედეგადაც, მათი თქმით ამაზონის ჯუნგლების უფრო სწრაფი ტემპით იჩეხება. მსგავსი პოზიცია აქვს ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ამაზონის პროგრამის დირექტორ რიკარდო მელოს. ის ხანძრებს დეფორესტაციას უკავშირებს.

"ჯერ კაპიტან ხერხს მეძახდნენ, ახლა ნერონი გავხდი, რომელმაც ამაზონს ცეცხლი წაუკიდა." ასე გამოეხმაურა ბოლსონარო ბრალდებებს.

NASA-ს მონაცემებით კი საერთო ჯამში მიმდინარე წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მანძილზე დაფიქსირებულ საშუალოზე დაბალია, თუმცა რონდონიას და ამაზონის შტატებში საშუალოს აღემატება.

ბოლსონარომ თქვა, რომ შესაძლოა ამაზონის ჯუნგლებში ცეცხლს არასამთავრობო ორგანიზაციები აჩენდნენ, რომლებსაც მან მთავრობაში მოსვლის შემდეგ დაფინანსება შეუმცირა. მისი თქმით ამგვარად NGO-ებს მისი მთავრობისათვის ძირის გამოთხრა სურთ.

"ყველაფერი ამისაკენ მიუთითებს...დანაშაული სახეზეა. ამ ხალხს ფული მოაკლდა." თქვა მან, თუმცა კითხვაზე, აქვს თუ არა ამის მტკიცებულება ბოლსონარომ თქვა, რომ "დაწერილი გეგმა" არ არსებობს და "ეს ასე არ ხდება".

ამაზონის ტყის ხანძრის შემდეგ „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძარის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს. 14 სექტემბერს კი აშშ და ბრაზილია ამაზონის ტყეების გადასარჩენად 100 მილიონი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები