რუსეთი

30-დღიანი პატიმრობის შემდეგ ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს

TV Rain

30-დღიანი პატიმრობის შემდეგ რუსი ოპოზიციური პოლიტიკოსი და აქტივისტი ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი პრესმდივანი Twitter-ზე ავრცელებს.

დროებითი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ნავალნიმ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და ყველას მოუწოდა, შეუერთდნენ მოსკოვის საპროტესტო აქციებს. 

"ჩვენ ამ რეჟიმის დეგრადაციის ბოლო საფეხურს ვხედავთ, რომელსაც უკვე აღარ შველის ტყუილები და ფალსიფიკაციები. მათ სჭირდებათ ათობით ადამიანის დაკავება, ასობით ადამიანის ცემა და კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მსგავსი ორგანიზაციების ჩახშობა. თუმცა, ეს აჩვენებს, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, ისინი ამას გრძნობენ და მათ ამის ეშინიათ,"- თქვა ნავალნიმ მედიასთან იზოლატორის დატოვების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში. 

ნავალნიმ წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 დღე იმის გამო გაატარა, რომ მან მოსახლეობას მოუწოდა, 27 ივლისს აქციაზე გასულიყვნენ, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები თავისუფალ არჩევნებს ითხოვდნენ. 

28 ივლისს, როდესაც ალექსეი ნავალნი უკვე დაკავებული იყო, ის "მწვავე ალერგიული რეაქციის" დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიტიკოსის მკურნალი ექიმი თვლიდა, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, შესაძლოა, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას უკავშირდებოდეს. მეორე დღეს ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს და მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მის მოწამვლას არ გამორიცხავდა. 

მოსკოვში 27 ივლისის შემდეგ საპროტესტო აქციები იმართება. ასიათასობით ადამიანი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე ოპოზიციური, დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვებას ითხოვს. პოლიციამ მასობრივი დემონსტრაციები დაარბია და საქმე ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მუხლით აღძრა. 

ამასთან, 3 აგვისტოს საპროტესტო აქციის შემდეგ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ არსებობს ეჭვი, რომ უცხოური მედიები და დიპლომატები რუსეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევას ცდილობენ, რის შემდეგაც რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც "რუსეთის არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევის საქმე" უნდა გამოიძიოს. 

კომენტარები