აქცია უშგულში

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: უშგულში აქციის მონაწილეების პროტესტი უსაფუძვლოა

დღეს უშგულში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა, სადაც ისინი ხელისუფლების მხრიდან სვანური კოშკებისთვის ყურადღების მიქცევას ითხოვდნენ.

მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი სვანური კოშკი დაინგრა, თუმცა ხელისუფლებამ ამას არანაირი ყურადღება არ მიაქცია.

ადგილობრივების მოთხოვნებს განცხადებით გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. მათი თქმით, მოთხოვნები და პროტესტი უსაფუძვლოა.

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში აქციის მონაწილეების პროტესტს სარეაბილიტაციო ძეგლების უყურადღებობასთან დაკავშირებით არ ეთანხმება და უსაფუძვლოდ მიიჩნევს. სახელმწიფოს მიერ სვანეთის არქიტექტურული ნაგებობების მოვლა-პატრონობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად დეკლარირებისა და არაერთი კომპლექსური სარეაბილიტაციო პროგრამის ამოქმედების პირობებში, ადგილობრივი მცხოვრებლების უკმაყოფილება ალოგიკურ ფორმას იღებს და ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება.

მიუხედავად იმისა, რომ სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის
გეგმის ფარგლებში, სააგენტომ განვლილ წლებში მესტიის რამდენიმე ათეულ სოფელში 80-მდე სვანური კოშკი, ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობა აღადგინა, მიმდინარე წლიდან სარეაბილიტაციო პროცესი გაცილებით ფართო მასშტაბს მიიღებს და წლის ბოლომდე ის სათემო სოფლების 10 საგვარეულო მაჩუბის, 8 კოშკის, 2 არქიტექტურული კომპლექსის და იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის რესტავრაციას მოიცავს. კულტურული მეკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილის ყავარის და ფიქალის ქვის გადახურვა სრულად განახლდება. ნაგებობების დაზიანებული ფრაგმენტები დაიშლება და კირ-დუღაბით ხელახლა აღდგება. მშრალი ქვის წყობის კრიტიკული ბზარები შეივსება და ფარული რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით
გამაგრდება. შეიცვლება გადახურვის ხის კონსტრუქციები და ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარება. გაძლიერდება მაჩუბებისა და ციხე-კოშკების კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საძირკვლები. აღდგება მაჩუბების და კოშკების სართულშუა ხის კონსტრუქციები", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ მთლიანობაში სვანეთში იდენტიფიცირებული კულუტურლი ძეგლებიდან გადაუდებელ რეაბილიტაციას 150-მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.

კომენტარები