გაზგამანაწილებელი კომპანია

ყაზტრანსგაზმა სახელი შეიცვალა - დღეიდან თბილისის მცხოვრებლებს თბილისი ენერჯი მოემსახურება

ყაზტრანსგაზის ნაცვლად, დედაქალაქის მაცხოვრებლებს თბილისი ენერჯი მოემსახურება. კომპანიის განცხადებით, ყაზტრანსგაზში სპეციალური მართვის რეჟიმი 2019 წლის 3 მაისს გაუქმდა და კომპანიის მენეჯმენტის გადმობარება ქართულმა ბიზნესჯგუფმა დაიწყო, რომელმაც თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის აქციების 100% შეიძინა.

"დღეიდან კომპანია რებრენდიგის პროცესს იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სახელის ცვლილების გარდა გულისხმობს ბრენდის ლოგოს, ფერის და აიდენტიკის სხვა ელემენტების სრულად განახლებას. გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქის მაცხოვრებლებს თბილისი ენერჯის სახელით მოემსახურება.

თბილისი ენერჯისთვის პრიორიტეტია დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ განახლებულა. კომპანია ითვალისწინებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გაზის უსაფრთხო მოხმარებას უკავშირდება და აბონენტებთან ერთად, რომლებიც კანონმდებლობით თავად არიან პასუხისმგებლები საკუთარ ფართში გაზდანადგარების სწორ ექსპლუატაციაზე, სექტემბრიდან ფართომასშტაბიან კამპანიას გეგმავს. კამპანია სრულად მიმართული იქნება ბუნებრივი გაზის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად.

ამჟამად დაწყებულია თბილისი ენერჯის თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაოები, გაზგამანაწილებელი კომპანიის ბიზნესგეგმით ქსელის რეაბილიტაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში, რაც ასევე გაუმარტივებს აბონენტებს კომპანიასთან ურთიერთობას. ყოველწლიურად საშუალოდ 30 მილიონიანი ინვესტიცია იგეგმება. თბილისი ენერჯი წარმოადგენს ქართულ ბიზნეს ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტი თითოეული მომხმარებელია" - აცხადებს კომპანია.

ყაზტრანსგაზ თბილისი 2018 წელს გაიყიდა. კომპანია WALTBAY LTD-იმ ყაზახურ მხარესთან, წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები გასული წლის ოქტომბერში დაასრულა. კომპანია WALTBAY LTD, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფის - შპს სი ბი ეს ჯგუფის ნაწილს წარმოადგენს, შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის 100 %-იანი წილის მფლობელი გახდა.

კომენტარები