ნიკოლოზ ალავიძე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე 168 ათასი ფუნტის ღირებულების ფასიან ქაღალდებს ფლობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ალავიძის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის 167 868 ათასი ბრიტანული ფუნტის ღირებულების ფასიან ქაღალდებს ფლობს.

ფასიანი ქაღალების ემინენტებია BANK OF GEORGIA GROUP PLC და GEORGIA CAPITAL PLC. პირველის შემთხვევაში, ალავიძის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 164 ათას გირვანქას აღწევს, მეორისაში კი 3 868-ს.

დღეს, 30 ივლისს, ალავიძე ლარის კურსს "თავისუფალ თინეიჯერს" ადარებდა:

"ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს."

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმზეა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 30 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარის ღირებულება დოლართან მიმართებით 1.61 თეთრით შემცირდა, ევროსთან კი - 2.47 თეთრით.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9507 ლარია, ერთი ევროსი - 3.2889 ლარი.

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 20 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები