სასამართლო სისტემა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მეთოფიშვილმა ჯანეზაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე ილონა თოდუას მოუსმინეს. 

სხდომამ სიტყვიერი დაპირისპირების და ხმაურის ფონზე ჩაიარა. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ილონა თოდუასთვის ბინის ქირის გადახდის საკითხი განიხილა. საკითხი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ წამოჭრეს, როდესაც თქვეს, რომ მოსამართლე ილონა თოდუას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბინის ქირა გადაუხადა მაშინ, როცა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძე იყო. უფრო კონკრეტულად, ჯანეზაშვილის თქმით, თოდუამ თავისი სახლი დედის სახელზე გადააფორმა, შემდეგ კი საბჭომ კი ბინა უქირავა.

სხდომაზე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა თოდუას დაცვა სცადეს და ჯანეზაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ადამიანი წავიდა, შექმნა საკუთარი ოჯახი, დაიწყო ცხოვრება და არ ჰქონდა საკუთარი ბინა და ქირაობს სახელმწიფო, ანუ ქალბატონმა ილონამ რამე სარგებელი მიიღო? იმ ბინის ქირავნობა გაფორმდა, რაც დედამისის სახელზე გაფორმდა. რაშია პრობლემა?“ - თქვა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, რევაზ ნადარაიამ.

სერგო მეთოფიშვილმა კი თქვა: 

"ილონა პატარა რომ იყო, 12-14 წლის, მშობელმა ააგდო ნავში და ეს ნავი მარტო გაუშვა თბილისში. ეს ბავშვი მარტო ჩამოვიდა. აი ეს არის ემოცია. ნაზიბროლას არ ესმის, ემოციები რა არის. იმიტომ რომ ზნეობა არ გააჩნია, არც მორალი, არც სინდისი არ გააჩნია, ამიტომაც ლაპარაკობს ასე. ეს არის მისი განათლების პრობლემა. რა იცის, ერთადერთი იცის კლანი, ჩინჩალაძე, კლანი და ჩინჩალაძე. 

ეს ორი ადამიანი, ქალბატონი ანა [დოლიძე] და ქალბატონი ნაზიბროლა ასრულებენ დაკვეთას. სამარცხვინო დაკვეთაა ეს პოლიტიზირებული ენჯეოების და პოლიტიკოსების. უნიჭოდ ასრულებენ, იმიტომ რომ არ აქვთამდენი არც ცოდნა, არც კომპეტენცია, არც განათლება. ამის გარდა მეტის გაკეთება არ შეუძლიათ. აი ნახეთ, კლანი, დაშინება, ჩინჩალაძე". 

"მაფიაც დაგიძახეთ ამ ბოლო დროს, არც ეგ გამოგრჩეთ" - თქვა ჯანეზაშვილმა

რაც შეეხება თოდუას ბინის საკითხს, მან თქვა, რომ 2014 წლამდე მშობლების ბინაში ცხოვრობდა, დაოჯახების შემდეგ კი თავი ვალდებულად ჩათვალა, მშობლების ბინა დაებრუნებინა, თავად კი ბინის ქირაობა იუსტიციის საბჭოს სთხოვა. 

ილონა თოდუასთან დაკავშირებული ამ შემთხვევის და სხვა გარემოებების გამო ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ითხოვენ, მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურში მონაწილეობა შეწყვიტო - თოდუას უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს. 

"ის არის ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლე, ე.წ. ადეიშვილის ნარჩენი. მას დაჯარიმებული ჰყავს ქართული ოცნება 2012 წელს, მას დაჯარიმებული ჰყავს პოლიტიკურად მგრძნობიარე პერიოდში ტელეკომპანია იმედი და გამოტანილი აქვს არაერთი პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილება. დღეს ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ასრულებდნენ დაკვეთებს ადრე, კომფორტულად არიან ჩაბმული საქმიანობაში, რომელიც სვამს კორუფციის კითხვის ნიშნებს. შემთხვევითი ჩუქებები, უცებ გახსნილი ხელგაშლილობა საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ არის ფართო ტენდენცია ჩვენს საჯარო სივრცეში. ჩვენ ვიცით არაერთი წევრი საქართველოს პარლამენტის: დავით მათიკაშვილი, ზაზა გაბუნია, ნინო წილოსანი, რომლის ოჯახის წევრებს უცებ უჩნდებათ ჩუქების სურვილი მათ მიმართ და აქაც, სასამართლოშიც, რა თქმა უნდა, უცებ გახსნილი სიყვარული და ხელგაშლილობა ოჯახის წევრების მიუთითებს შესაძლო კითხვის ნიშნებზე", - თქვა დღეს ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ასევე ითხოვენ, მიმდინარე კონკურსი საერთოდ გაუქმდეს, ვინაიდან ის მუდმივად დარღვევებით მიმდინარეობს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის 144 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

კომენტარები