სიცხვილია - აქცია პარლამენტის წინ

"თუ გამაღიზიანებენ..." - ქეთათო პოპიაშვილმა, შესაძლოა, აქციის ორგანიზატორებს უჩივლოს

Selfie

მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის ქვრივი ქეთათო პოპიაშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები მის "გაღიზიანებას" გააგრძელებენ, შესაძლოა, მან საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში იჩივლოს. 

პოპიაშვილის გაღიზიანებას აქციაზე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის გაშვება იწვევს. 3 ივლისს მან Facebook-ზე დიდი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აქციის ორგანიზატორებს მაჯლაჯუნებს შეადარა. რუსთავი 2-თან საუბარში კი მან განმარტა, რომ კონკრეტულად ერთერთ აქციის ორგანიზატორს, popmusic-ის დამფუძნებელ ლექსო მაჭავარიანს გულისხმობდა, რომელიც მისი თქმით, აქციაზე მუსიკაზე პასუხისმგებელი პირია. 

"როდესაც ერთ უსამართლობას აპროტესტებ, მეორეს არ უნდა სჩადიოდე. ერთ კონკრეტულ მაჯლაჯუნას ეხება ეს. მაღალ, სათვალიან მაჯლაჯუნას. მაგათ ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, მე როგორ მოვიქცევი იმიტომ, რომ მე ყველანაირი ბერკეტი მაქვს. არ დაგავიწყდეთ, ყველანაირი ბერკეტი მაქვს. ჩემი თვითმიზანი სასამართლოში წასვლა არ არის, მაგრამ თუ გამაღიზიანებენ, გაბრაზება მე რომ ვიცი, მაგათ არ დაესიზმრებათ ეგეთი" - თქვა ქეთათო პოპიაშვილმა. 

მისი თქმით, მას არ უნდა, რომ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა "საქართველო", რომელიც აქციაზე არაერთხელ გაჟღერდა, ასე პერმანენტული სახით ისმოდეს. 

"ასეთი პერმანენტული სახით მეც არ მინდა, რომ ტრიალებდეს ეს მუსიკა. მხოლოდ ერთ გახარიას გადადგომასთან არ არის, რა, ეს მუსიკა ასოცირებული. ეს მუსიკა კიდევ ბევრჯერ და ბევრჯერ იქნება აქტუალური. ერთხელ, ორჯერ... გაუშვეს იქ ბიძინას გასაღვიძებლად, "მე გადმოვცურავ ზღვით" აღვიძებენ და რა ვიცი ახლა, გასაღვიძებლად სხვა რამე ჩაურთონ, გენიალური სიმღერაა,"- ამბობს ჩარკვიანი. 

მიუხედავად ერთი დღით ადრე ქეთათო პოპიაშვილის პოსტისა, 4 ივლისს გამართულ აქცია-კონცერტზე მუსიკოსებმა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა კიდევ რამდენჯერმე შეასრულეს. 

"ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება, მეფის შემოქმედება ეკუთვნის ერს, ის ჩვენია, სწორედ მის სიტყვებზე გავიზარდეთ, მგონია, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ, რომ ვახერხებთ იმას, რასაც ვახერხებთ" - თქვა ანი სუბელიანმა და ირაკლი ჩარკვიანის "ნაიარევს" იმღერა, რომელიც 20 ივნისის ღამეს დაშავებულებს მიუძღვნა.

ორ კვირაზე მეტია, პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი მართავს აქციას "სირცხვილია". თავდაპირველად, პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მიტინგი ძალადობრივად დაშალა, მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია ოთხი კონკრეტული მოთხოვნით განაახლეს - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც "გავრილოვის ღამეს" ძალას გადაამეტა.

ქართულმა ოცნებამ აქციებიდან რამდენიმე დღეში დააანონსა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარება. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლა. ამ ეტაპზე, დემონსტრანტების მოთხოვნა მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომაა.

ამ ორი კვირის განმავლობაში, აქციაზე - "სირცხვილია" - ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები სხვა არაერთ მუსიკასთან ერთად, რამდენჯერმე გაუშვეს.

კომენტარები