უგულავა: უკვე გათავისუფლებულების ნაწილიც ჩხუბობდა, ახლა სხვებს აკავებენ - სად არის ლოგიკა?

გამოძიების მიმართ ნდობა, ბუნებრივია, ნულოვანია. შეუძლებელია ენდო იმ გამოძიებას, რომელიც არც კი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს. მაკო გომურს ვინ ესროლა მაგალითად, ან ადამიანები ვინ დაასახიჩრა. ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს - რაც ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, მესამედ ამბობენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა. პარანოიაა ეს უბრალოდ. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც იჭერენ, გვანახებენ კადრებს, რომ ისინი ხელებს იქნევენ პოლიციასთან, რაც ცუდი სანახავია. მაგრამ სანამ გახარია იძიებს ამას, სანამ არ გვეცოდინება იმ პოლიციელების სახელები და პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ადამიანებს დათვის ტყვია ესროლეს, ყველა სხვა მიმართულება არის ფარისევლობა, არაფერი საერთო არ აქვს სამართალთან, არის შერჩევითი სამართალი და ის ადამიანები, ვინც გუშინ დაიჭირეს, არიან ჩვეულებრივი პოლიტპატიმრები.

300-მდე ადამიანი დაიჭირა პოლიციამ, მათ შორის ვიღაცები ასევე ჩხუბობდნენ იქ გამწარებისგან და ისინი ან ადმინისტრაციულით, ან საბოლოო ჯამში, მთლიანად გამოუშვეს. მაშინ ლოგიკა სად არის? ახლა იჭერენ ადამიანებს იმისთვის, რომ უბრალოდ შეუქმნან ილუზია ხალხს, გაამყარონ სახელმწიფო გადატრიალების თითიდან გამოწოვილი ვერსია. ეს არ არის თანმიმდევრული და სამართლიანი. ეს ადამიანები, კი ბატონო, შეიძლება ცუდად იქცეოდნენ, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი მიზეზი და მიზეზი არის ძალიან მძიმე - ეროვნული ღირსების შეურაცხყოფის საკითხი იყო და ის ხალხი იყო გამწარებული იქ. საიდან და როგორ დაიწყო, უნდა შევახსენოთ ყველას, განსაკუთრებით ხელისუფლებას - გავრილოვი გარშოკივით რომ დადეს იქ, ამან გამოიწვია ყველაფერი. ხელისუფლებას უნდა ეყოს იმდენი გონიერება, არ ჩაიგდოს თავის ისეთ მდგომარეობაში, რომ რუსეთის, გავრილოვის გამო საკუთარ ხალხს უპირისპირდება.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ეს კომენტარი ჟურნალისტებთან გერმანიაში გამგზავრებამდე, აეროპორტში გააკეთა.

კომენტარები