რუსეთი

პავლიაშვილი აქციაზე: სატანიზმია, ანტირუსული განწყობით შეშლილ, ზომბირებულ ბავშვებს აქეზებენ

სოსო პავლიაშვილი
Instagram/ Soso Pavliashvili

რუსეთში მოღვაწე მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა Daily Storm-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე აქციებს "სატანიზმი", ხოლო აქციებში მონაწილე ბავშვებს შეშლილები და "ზომბირებულები" უწოდა.

"ეს სატანიზმია, სუფთა წყლის სატანიზმი, როდესაც ადამიანი ცუდს საუბრობს სხვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისე არ გამოიყურება ან არ საუბრობს. ამას არაფერი აქვს საერთო ადამიანობასთან, დემოკრატიულობასთან ან ტოლერანტობასთან. ჩვენ არ უნდა დავეხმაროთ სატანას! ასე დაემართა უკრაინას. ვინ იფიქრებდა, რომ უკრაინელები და რუსები ერთმანეთს ვერ აიტანდნენ! მაგრამ მოვა დრო და ეს ყველაფერი დალაგდება," - ამბობს პავლიაშვილი.

პავლიაშვილისთვის რუსეთი ქვეყანაზე უფრო მეტი რამაა, ხოლო საქართველოს პარლამენტთან მომიტინგე ბავშვებს შეშლილებად და ზომბირებულებად თვლის.

"მივმართავ ჟურნალისტებს: ნუ გააღვივებთ რუს და ქართველ ხალხს შორის ზიზღს. რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყანა, გესმით? ისინი აქეზებენ აი ამ შეშლილ ბავშვებს ანტირუსული განწყობით და რუსეთ-საქართველოს შორის მომავალი ურთიერთობის საკითხებზე. ყურადღებას ნუ მიაქცევთ! რუსეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს ზოგიერთი ზომბიერებული ბავშვის თავდასხმას? ჩაბრძანდით საქართველოში და თავად ნახავთ, თუ როგორ ექცევიან იქ რუსებს, დაელაპარაკეთ იქ ხალხს," - თქვა რუსეთში მოღვაწე მომღერალმა.

პავლიაშვილმა ინტერვიუში საქართველოს რესტორნებში რუსებისთვის გადასახდის გაზრდასა და კინოთეატრებში რუსულ ენაზე ფილმების ჩვენების შეჩერებას გამოეხმაურა - "შესაძლოა, ამ ხალხს ვინმე უხდის, სხვა მიზნები აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მათ დონეზე უნდა დაეცეთ. ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ უთხრეს: ეს ჩვენი მტერია, ხოლო ეს მეგობარი. თუმცა, ეს სიტუაცია მთელ მსოფლიოში ასეა, არამხოლოდ საქართველოში."

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, საპროტესტო აქციებზე საუბრისას მან ნაცისტებიც გაიხსენა - "გახსოვთ, როგორ მიდიოდნენ ტვერსკზე და ნაცისტების ლოზუნგებს გაიძახდნენ? ისინი უბრალოდ ასე აღზარდეს. თუმცა, სად არიან ახლა ისინი? ეს ცეცხლიც კი არ არის, ეს არის უბრალოდ, რაღაც ნათება, ასანთი აანთეს და სულ ეს არის. ჩვენ ეს უნდა ჩავაქროთ და არა გავაღვივოთ."

რუსეთში მოღვაწე მომღერალი მიმდინარე მოვლენებს პროვოკაციად აფასებს, აფხაზეთის ომს იხსენებს და ამ ომს "ხუთივე მხარის" სულელურ ნაბიჯებს აბრალებს.

"თუ ჩვენ პროვოკაციების მხარდაჭერას გავაგრძელებთ, ამას დასასრული არ ექნება. 90-იანებში საქართველოში აფხაზეთიდან ასობით ათასი ადამიანი თავიანთი სახლებიდან გადაასახლეს. აქ სულელურად მოიქცა როგორც ერთი, ასევე მეორე, მესამე და მეხუთე მხარეც. ხალხს კი ამ დრომდე არ შეუძლია სახლში დაბრუნება. სწორედ ასეთი სიტუაციები ერთი მეორეს მიჰყვება და ბოლოს ერთ მომენტში ამოფეთქავს," - თქვა რუსეთში მოღვაწე მომღერალმა პავლიაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.

უკვე რვა დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს და "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ადამიანები მე-7 დღეს გაათავისუფლეს. დანარჩენი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. 

კომენტარები