ბესელია "ოცნებას": სად იყავით, როცა ბავშვებს თვალებს თხრიდნენ? წინ რატომ არ გადაუდექით?

მე ახლა მივმართავ ქართული ოცნების იმ წევრებს, არა ყველას, არამედ იმათ, ვისაც მივიჩნევ ჯერ კიდევ იმ ადამიანებად, ვისაც აქვს განცდა, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები და სამართლიანობა. ვისაც უბრძოლია და ვისაც 7 ნოემბერიც გაუვლია, 26 მაისიც და 6 მაისიც ბევრი სხვა რამეც. მე იმათ მოგმართავთ ახლა, თქვენ მართლა ვერ ხვდებით, რა ხდება ახლა ქვეყანაში? ხალხო, თქვენ ვერ აცნობიერებთ, რომ თქვენ პირისპირ ახლა დადგა არა ის ადამიანები, ვინც დარბაზიდან გავიდნენ და მათთან ჭიდილში რომ ზომავთ ახლა ძალებს, თქვენ ვერ ხვდებით, რომ ხალხის პირისპირ აღმოჩნდა დღეს მმართველი პარტია? მე მაინტერესებს, იმ ადამიანებს ვეკითხები, ვინც იდგა ქუჩაში და ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა თავისუფლებისთვის. თქვენ ვერ ხვდებით ახლა, რომ ამ უგუნური ქმედებით, რასაც სჩადიხართ, ამ გადაფარებით, რომ მოგყავთ ქვეყანაში ის ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც უკვე წავიდა? თუ ამას ვერ ხვდებით, მეგობრებო, სახლში წადით და იმ ახალგაზრდებს დაუთმეთ გზა, ვინც ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე დგას ქუჩაში

სად იყავით თქვენ, როდესაც იმ მაკოს და იმ 21 წლის გოგოს თვალებს რომ თხრიდნენ, როდესაც აღარ იყო უკვე არც პარლამენტში შემოვარდნის საფრთხე. აღარ იყო არც იმის საფრთხე, რომ ვიღაც რევანშით აქ შემოვიდოდა. სად იყავით მაშინ? იქ უნდა ყოფილიყავით ქუჩაში და გადაფარებოდით იმ ბავშვებს, ვისაც თვალები დათხარეს

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ამ სიტყვებით საპარლამენტო სესიაზე ყოფილ თანაგუნდელებს, ქართული ოცნების წევრებს მიმართა. 20 ივნისს ღამით პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად, რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. თვალი დაკარგა 3-მა ახალგაზრდამ

კომენტარები