"მე მგონია მაინც, რომ ქართულ ოცნებას ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა", - ამის შესახებ კახა კალაძემ ქართულ ოცნებაში, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამართული ბრიფინგის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თბილისის მერი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ბარიერის გაუქმება, რაც ყველა პოლიტიკურ პარტიას პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას მისცემს.
"ეს გადაწყვეტილება, პროპორციული არჩევნების წესით 2020 წლის არჩევნების ჩატარება, ვუწოდებდი უპრეცედენტო გადაწყვეტილებას. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბარიერი უქმდება, ნულოვანი ხდება, რითაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას მოხვდნენ პარლამენტში.
მე მგონია, რომ ქართულ ოცნებას ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძლიან დიდი მხარდაჭერა და ჩვენ არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, დაწყებული 2012 წლიდან, რაც კი არჩევნები ჩატარდა, გვაქვს დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვუპასუხოთ ყველა იმ პრობლემასა და გამოწვევას, რომელიც ჩვენი ქვეყის მოქალაქეებს აწუხებს" - თქვა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ქართული ოცნების მთავარ ოფისში ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგი გამართა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ასევე, გაუქმდება საარჩევნო ბარიერი და 0%-იანი იქნება.





