ლგბტ კვირეული

პრემიერი: საქართველოში ლგბტ ადამიანების უფლებები რეალიზებულია, საკითხი თავს მოხვეულია

მამუკა ბახტაძე
Pressoffice

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოში ლგბტ ადამიანების უფლებები რეალიზებულია და ეს საკითხი პრობლემური არ არის. თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ "საკითხი ხელოვნურად არის მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული დღის წესრიგი". ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. იქვე, პრემიერი ლევან ვასაძის ძალადობრივი მოწოდებების შესახებ ამბობს, რომ თუ "სამართლის დარღვევის ნიშნები" იქნება, ამას შესაბამისი ნაბიჯები მოჰყვება. 

"ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და როდესაც არის ნიშნები, რომ სამართლის დარღვევას აქვს ადგილი, ბუნებრივია, ამას მოჰყვება შესაბამისი ნაბიჯები სამართლებრივ ჩარჩოებში. შსს-მ შესაბამისი მუხლით დაიწყო ამ საკითხის გამოძიება და ბუნებრივია, იგივე მიდგომა ექნება ნებისმიერი სხვა საკითხის მიმართ, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს კანონის დარღვევის ნიშნები.

აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რასაც მოჰყვა ვნებათაღელვა, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებით, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ვალდებულება ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე. ბოლო დღეების განმავლობაში რაც ჩვენ ვიხილეთ, გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე. მინდა, მადლობა ადავუხადო პოლიციელებს, ვინაიდან შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა, თუმცა, აქვე მინდა გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი შთაბეჭდილება - ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი.

არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური, საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და ხდება ამ პრობლემის გაზვიადება, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და ჩვენ ამას უზრუნველყოფთ, პრობლემები და გამოწვევები, რაც არის, ეს არის პირველ რიგში ოკუპაცია და სიღარიბე და ჯობია, მთელი საზოგადოება ვიყოთ ამ მტკივნეული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტაბულას ჟურნალისტის კითხვას, რას ეძახის ადამიანის უფლებების უზრუნველყოფას და რეალიზებას, როცა თბილისი პრაიდის აქტივისტები და მხარდამჭერები მშვიდობიან აქციას ვერ მართავენ ქალაქში, პრემიერი პასუხობს, "აი, ზუსტად ამას ვეძახი".

"საქართველოში არის გამოხატვის უფლება უზრუნველყოფილი, ისევე როგორც უზრუნველყოფილია უსაფრთხოება, სახელმწიფო ინსტიტუტები ამას ახორციელებენ და ახორციელებენ ძალიან მაღალ დონეზე" - ამბობს ბახტაძე.

ლევან ვასაძის და პროპუტინური ჯგუფების ანტიკონსტიტუციურ განცხადებებთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრი აღნიშნავს, რომ "ვინც სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავა, ის აგებს პასუხს კანონის წინაშე, ჩვენ ამის დემონსტრირება არაერთხელ გაგვიკეთებია, თუ დაგვჭირდა, კიდევ გავაკეთებთ".

მამუკა ბახტაძე თბილისი პრაიდთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ თქვა, რომ "ეს არის ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე საკითხი". მან მოუწოდა ყველა ადამიანს, "ვისაც უყვარს სამშობლო", რომ მოეკიდოს ამ საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. პრემიერი ფიქრობს, რომ თბილისი პრაიდთან დაკავშირებით "აგრესიული დღის წესრიგი" შედის იმ ძალების ინტერესებში, რომლებსაც სურთ შემოიტანონ არეულობის განცდა საზოგადოებაში. " პირველ რიგში, ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას" - აღნიშნავს ბახტაძე და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევებია ოკუპაცია და სიღარიბე.

"ამ ქვეყანას აქვს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა - სიღარიბე და ოკუპაცია და ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ერის კონსოლიდაცია იყოს მიმართული ამ ორი ყველაზე დიდი და მტკივნეული გამოწვევის დასაძლევად. საქართველოში ადამიანის უფლებები არის ძალიან მაღალ დონეზე დაცული და მინდა ყველას შეგახსენოთ, როცა ამ კითხვას სვამთ, უნდა ჩახედოთ საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს. ადამიანის უფლებები ახსენეთ ხო? ადამიანის უფლებების დაცვა როცა ვერ ხდება მაღალ დონეზე, ეს აისახება საერთაშორისო ინსტიტუტების სტატისტიკაზა და მინდა ყველას შეგახსენოთ, თერთმეტჯერ არის შემცირებული სტრასბურგში საქართველოს სამართლებრივი ქეისების რაოდენობა, ყველა რეიტინგში საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა, მოდი შევთანხმდეთ მნიშვნელოვან რაღაცაზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების დაცვაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაპლურალიზმზე, საქართველოს აქვს უნიკალური წარმატება და ეს არის ქართული საზოგადოების მონაპოვარი, მოდი, ნუ ვცდილობთ პრობლემა შევქმნათ იმ ადგილებში, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს ან არ არის იმ ხარისხით წარმოდგენილი, როგორც ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, რომ წარმოაჩინოს, პრობლემები სადაც არის და რაც ქართულ საზოგადოებას ადარდებს ობიექტურად, ეს არის ორი რაღაც, ეს არის სიღარიბე და ოკუპაცია" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

----------------------------------

16 ივნისს ვერის პარკში ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით "ნამდვილი კაცები" იმისთვის შეიკრიბნენ, რომ სიძულვილის ჯგუფებს ერთად დაეგეგმათ, თუ რა ფორმით ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდს. ბიზნესმენ ლევან ვასაძის თქმით, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს შექმნიან. 

"რაზმები იქნება მარტივი და იერარქიული. გვეყოლება ათეულები ათისთავებით, ათეულები შეიკრიბება ასეულებად ასისთავებით, ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყარი და აუღელვებელი" - ამბობს ვასაძე და აღნიშნავს, რომ "სახალხო რაზმები" ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში.

"გაინაწილებენ ქალაქს, იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად, არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ" - ამბობს ვასაძე. მისი თქმით, "უცხოელ ელჩსაც" შეუკრავენ ხელებს "თავისი დაცვიანად" და მიიყვანენ საელჩოში.

სიძულვილის ჯგუფის ორგანიზატორი პოლიციასაც დაემუქრა. მისი თქმით, სამართალდამცველები ვეღარ შეძლებენ მათი წევრების დაკავებას.

"რაც ქენით კანცელარიასთან, არ გამოგივათ, არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანთ, დააკავებთ ერთს? ათეული გამოესარჩლება მას, არ ეყოფა ათეული? ასეული გამოესარჩლება, არ ეყოფა ასეული? ათასეული გამოესარჩლება. თუ სასწაული მოხდა და ამ ჩვენს ლომივით მეომრებს, მოჭიდავეებს, მორაგბეებს მაინც გამოსტაცეთ ერთი ჩვენიანი, თქვენს დააბრალეთ, სადაც წაიყვანთ, რომელ პოლიციის განყოფილებაშიც, იქ მოვალთ, იმ კორდონს გავარღვევთ და იქიდან გამოვიყვანთ ჩვენს ლომს" - თქვა ვასაძემ და აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში, პოლიციას "კომბლების რევოლუციას" მოუწყობენ.

"აქ არის უამრავი სამხედრო გამოცდილების მქონე პირი, უამრავი სასახელო სპორტსმენი, მორაგბეები, მოჭიდავეები, მთელ მსოფლიოში მათ ვერავინ ვერ აჩერებთ, როცა უნდათ რაიმე კორდონის გარღვევა. თუ ეცდებიან რაიმე სახის აქციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, და იმედია ეყოფათ ჭკუა, რომ ეს არ გააკეთონ, აუცილებლად გავარღვევთ. ერთადერთი გზა, როგორც შეგეძლებათ გაგვაჩეროთ, არის ტყვია და გთხოვთ მე, მესროლეთ ის პირველი ტყვია.

მინდა გავაფრთხილო პოლიციელები, არაფერი შეგეშალოთ, კორდონების გარღვევუსას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს, მაგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პასუხს. არ მოვალთ იქ იარაღით, მოვალთ შიშველი იარაღით, ამ ქამრებით, ამის გარდა ჩვენ გვექნება კომბლები. ბევრს ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც უნდა მქონდეს ამ დროს? კომბლე გამახსენდა, კომბლე ჯიგარია, იმიტომ, რომ არაფერი არ უნდა, არც პოლიტიკაში ჩარევა, არც დიდება, არც ფული, სხვენში უდევს ის კომბალი რა, მაგრამ როცა მგელი უმანკო კრავს დაესხმევა თავს, ის ჩამოიღებს კომბალს, გააფრთხობინებს მგელს სულს და გამოაშვებინებს იმ კრავს, ამიტომ თუ ისინი შეგვდგებიან, ჩვენ თავს არ გაგალახინებინებთ, ეს გამორიცხულია, თქვენ მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა. მე ამითაც გძლევთ, ამით მოვალ" - თქვა ვასაძემ და დიდი ხის ჯვარი დაანახა შეკრებილებს.

"თუ კორდონის გარღვევისას დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს წესრიგის დაცვაზე, იმიტომ, რომ წესრიგი არის წესი და რიგი და არა უზნეობის ზეიმი, ეს არის კავკასიური ადათების წესი" - თქვა ვასაძემ და აღნიშნა, რომ "კომბალი არ არის ცივი იარაღი".

"ქამარში ჩავიდებთ თითო კომბალს და თუ შეგვდგებიან, დავუბრუნებთ კომბალს" - ამბობს სიძულვილის ჯგუფების ორგანიზატორი.

ლევან ვასაძის გარდა, ძალადობრივი მოწოდებები პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმაც გააკეთა. ემზარ კვიციანის თქმით, "კონსტიტუცია აჯანყებასაც ითვალისწინებს, ცოტა ჭკვიანად იყვნენ, ხალხი არ აჯანყდეს". ასევე, დეპუტატმა აღნიშნა, რომ "როდესაც სამშობლოს სჭირდება, კვერცხებს კი არ ისვრიან, ხმლებს იქნევენ, ამიტომ ჭკვიანად იყვნენ ის ადამიანები, ვისაც კვერცხები მოხვდა, ხმალი არ მოხვდეთ კისერში".

ანტიკონსტიტუციური განცხადება გააკეთა გურამ ფალავანდიშვილმაც. მან აღნიშნა, რომ "ჩვენ არ ვემორჩილებით კონსტიტუციას, ჩვენ სიბინძურეს არ დავემორჩილებით". ფალავანდიშვილის თქმით, "სახელმწიფოს მაგივრად, ჩვენ გამოვიყენებთ ძალას, რომ აღიკვეთოს უწესრიგობა ქალაქში. არც ერთ ორგანიზაციაში არ ჩავატარებინებთ [პრაიდის ღონისძიებას]".

თბილისი პრაიდის "სახალხო რაზმებში" მოხალისეებად ჩაწერა უკვე დაიწყეს - მასში მონაწილეობისკენ ლევან ვასაძემ სამხედროებს და სპორტსმენებს მოუწოდა.

"არავითარი აგრესია, ბილწსიტყვაობა, გინება, მშვიდად, წყნარად, როგორც ჩვენ გვეკადრება, მივაბრძანოთ იმ ადგილებიდან, სადაც იქნებიან და თავიანთ დროშას გამოფენენ. შენობაში იქნებიან, საკონფერენციო დარბაზში? ამას ყველაფერს შევიტყობთ, ჰქონდათ დაგეგმილი მუზეუმში და გაუუქმეს, ასე იზამს ყველა ნამდვილი მამულიშვილი, არ იზამს და ჩვენ გავაკეთებინებთ მაგ საქმეს" - თქვა ვასაძემ.

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია  დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

14 ივნისს აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

ლგბტ კვირეული 18-23 ივნისს არის დაგეგმილი.

კომენტარები