მეორე ტური მთაწმინდაზე

საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე მთაწმინდაზე: ამომრჩევლის მობილიზებას ვახდენ, სიაც მაქვს

ტაბულა

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების წევრი ლევან ივანაშვილი მთაწმინდის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მობილიზებას ახდენდა.

ამის შესახებ ივანაშვილმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა და თქვა, რომ მას ამომრჩეველთა სიაც ჰქონდა.

"ჩვენი აქ ყოფნის მიზანი ის არის, რომ ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება გავაკეთოთ. სიებიც გვაქვს. ჩვენ ჩვენმა მხარდამჭერებმა გააკეთეს სრული მობილიზება, თავის დროზე ტელეფონის ნომრები ჩაიწერეს, როდესაც კარდაკარი გააკეთეს და ახლა ვუკავშირდებით, ვინ მოდის და ვინ - არა. ქართული ოცნების მხარდამჭერების მობილიზებას ვახდებ, აბა "ნაციონალებს" ხომ არ მოვიყვან?"- თქვა ივანაშვილმა. 

საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ქართული ოცნება ყოველთვის მზადაა, რომ რაც შეიძლება ბევრი მათი აქტივისტი მივიდეს საარჩევნო უბანთან. 

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ჩვენი აქტივისტები რაც შეიძლება მრავლად მოვიდნენ და დაგვიჭირონ მხარი. როდესაც ჩვენმა აქტივმა, ჩვენმა აგიტატორებმა ჩაატარეს კარდაკარი, ჩვენი მხარდამჭერები ჩაინიშნეს და ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ მხარდამჭერების მოყვანას საარჩევნო უბნებზე. ვეხმიანებით და მოდიან თვითონ. რა თქმა უნდა, ვურეკავთ. არ შეიძლება? აკრძალულია სადმე? სადმე წერია, რომ აკრძალულია? დიახ, აღვრიცხავთ, ვინ მოვიდა და ვინ - არა. ჩვენ მოგვყავს ჩვენი მხარდამჭერები, თუ საჭიროა. ვეხმაინებით, ხომ არ აქვთ რამე პრობლემა და ხომ მოდიან. 

რასაც კანონი არ კრძალავს, ყველაფერი ნებადართულია,"- ამბობს ლევან ივანაშვილი. 


9 ივნისს მთაწმინდის ოლქში პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური იმართება, სადაც ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" კანდიდატი შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან. 

კომენტარები